NBA-ს ვარსკვლავ სტეფ კარის ხუმრობა დაუწუნეს, რადგან ამერიკელთა თავმოყვარეობისთვის ნეილ არმსტრონგის მთვარის ზედაპირზე ფეხის დადგმაში ეჭვის შეტანა ისეთივე მტკივნეული თემაა, როგორც ქართველებისთვის დიდგორის ომის მოგების უარყოფა. ერთია, როცა აღნიშნულ თემაზე “როსკოსმოსის” ოდიოზური დირექტორი დიმიტრი რაგოზინი იხუმრებს (ორიოდე კვირის წინ იყო ეს ამბავი) და მეორე – როცა თვით “გოლდენ სთეითის” ნომერ პირველი დაიწყებს ლაღობას.

“ვიხუმრე რა თქმა უნდა” – იმართლა თავი კალათბურთელმა, როცა ISPN-ზე აღნიშნულის გამო პასუხი მოსთხოვეს – “ხალხმა კი რატომღაც მთელი ამბავი ატეხა. ცხადია, მჯერა მთვარეზე ამერიკელების ყოფნის და NASA-ს მოწვევასაც სიამოვნებით მივიღებ”.

აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციამ, ყოველი ეჭვის გასაფანტად და ცხადია, ცოტა პიარის ამბავშიც, კარი თავის მთვარის ლაბორატორიაში დაჰპატიჟა და სპორტსმენმაც დასტური განაცხადა, თუმც წესით ახლა სხვა საფიქრალი უნდა აწუხებდეს: ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში “გოლდენ სთეითს” 19 მოგების წილ 10 წაგებაც დაუგროვდა.