„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ წილსყრა სხვა ჯგუფების პირველადგილოსნებს აარიდებს. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფლეი-ოფში მას სუსტი მეტოქე შეხვდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს ისეთმა გუნდებმა, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „რომა”, „ლიონი”, „ატლეტიკო” და „ლივერპული”.
„შპორტ ბილდის” აზრით ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახიფათო მეტოქეები „ატლეტიკო” და „ლივერპული” არიან. მათთან „რეკორდმაისტერი” ფავორიტადაც კი ვერ გამოცხადდება.
„ბაიერნისა” და „ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გერმანელმა დიტმარ ჰამანმა „სქაის” პორტალში დაწერა:
„ყველაზე მეტად არ მინდა, რომ „ბაიერნი” მერვედფინალში იურგენ კლოპსა და მის გუნდს შეხვდეს. თუ ასე მოხდება, „რეკორდმაისტერისთვის” დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ის ფეხბურთი, რომელიც ბოლო პერიოდში „ლივერპულმა” აჩვენა, საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც შეეხება „ბაიერნს”, ჩემი აზრით ბავარიელები მრავალი წლის განმავლობაში პირველად დარჩნენ ფავორიტთა გაფართოებული წრის მიღმა”.
ჰამანისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა „ბაიერნისა” და „აიაქსის” ორი ფრედ დასრულებული თამაში (1:1 და 3:3). ამ შეხვედრებმა მას გუნდების შესახებ ცხადი შთაბეჭდილება შეუქმნა:
„180 წუთის განმავლობაში ამსტერდამელთა აშკარად ნიჭიერმა გუნდმა „ბაიერნს” ბევრ ასპექტში აჯობა. ვერც კი ვიხსენებ, როდის იყო ბოლოს „ბაიერნი” ასეთ დღეში. ის თამაშს მეტწილად ვერ აკონტროლებდა. შარშან, ნახევარფინალში, თვით „რეალთანაც” კი უკეთ ითამაშა”.