ნახევარი საუკუნისაც არ მოყრილა ჯერ უნაი ემერი, მაგრამ მისი ავტობიოგრაფიული წიგნი უკვე დახლზე დაიდო. უეფას ევროპის ლიგა ზედიზედ სამჯერ რომ არ მოეგო, ბიოგრაფიის გამოცემაზე ალბათ არც გაიქაჩებოდა, მაგრამ ჩათვალა რომ მოსაყოლი ბევრი დაუგროვდა და დააბეჭდინა.
წიგნში, რომელსაც „უნაი ემერი, ელ მაესტრო“ ჰქვია, კარიერული ამბების გარდა ერთი ისეთი ამბავიცაა, აქაურ მეკუშეებს რომ გაახალისებს. ჯეელობაში, ფეხბურთელობისას, უნაი ემერი თურმე სპორტულ ლატარიას თამაშობდა. ესპანურ ლატარიას „კინიელა“ ჰქვია. პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების 15 წყვილია ჩამოწერილი და გამოსაცნობი.
ემერი გვიყვება, რომ ერთხელ, „ტოლედოში“ თამაშისას ( 1996-2000, სეგუნდა დივიზიონი ), „ელჩეს“ მასპინძლობდნენ და სტუმრების ორიანი ჩაწერა. აშკარა ფავორიტი იყო და ლოგიკურიც ეგ იქნებოდაო, იხსენებს ბასკი. ბილეთის მიმღებ გოგოს, რომელიც სცნობდა „ტოლედოს“ ფეხბურთელს, უთქვამს, საკუთარი გუნდის წაგებას თუ წერ, მერე მოსაგებად როგორ გახვალო. ის თამაში „ტოლედომ“ მოიგო – „ელჩეს“ ორიანი არ დაჯდა, მაგრამ ემერის უთქვამს, გოგოს სიტყვამ ჩემს ტვინში ტაქტიკური ცვლილებები მოახდინაო.
ვინ იცის, რამდენი კალმის ბოლო გაუღრღნია ლატარიის ჯიხურთან მდგომ უნაი ემერის 1X2-ზე მილიონების მოგების ფიქრში და რაც ვერ შეძლო მაშინ, ეგებ მწვრთნელობისას მიაღწია კიდეც…