ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ყველაზე დაძაბული მატჩი ამსტერდამში გაიმართა. „აიაქსმა” და „ბაიერნმა” 3:3 ითამაშეს. შედეგად, გერმანულმა კლუბმა E ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, ჰოლანდიური კი მეორეზე გავიდა.

შეხვედრის დრამატულობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ექვსი გოლიდან ბოლო სამი 87-ე, 90-ე და მსაჯის მეხუთე წამატებულ წუთებზე გავიდა. აქედან ორი (87-ეზე და 90-ზე) ბავარიელებმა გაიტანეს, ხოლო აიაქსელმა ტალიაფიკომ ბოლოწამს გაათანაბრა.

იყო ორი გაძევებაც. მეორე ტაიმის შუაგულში ლეონ გორეცკას წინააღმდეგ უხეშობის გამო მასპინძლებს მაქს ვებერი გაუძევეს, შვიდ წუთში კი მის გზას ბავარიელი თომას მიულერი გაუყენეს. მიულერის დანაშაულს ფოტოზე ხედავთ.

„ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი: „საბოლოოდ საინტერესო თამაში გამოვიდა. ბევრი ბრძოლა და ბურთის ფლობა ვიხილეთ. „აიაქსი” შესანიშნავი გუნდია, რაშიც ჯერ კიდევ მიუნხენში დავრწმუნდით. ახლა ყველაზე მნიშვნელივანი ის არის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავკავეთ”.

მიუნხენელთა კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი უფრო კრიტიკული იყო: „ერთადერთი დადებითი ამ თამაშს ის ჰქონდა, რომ პირველ ადგილზე გავედით. სხვა მხრივ კი არაფერი ვარგოდა. თამაშს ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, ასეთი რამ კი არ უნდა ხდებოდეს”.