სერ ალექს ფერგიუსონს ექიმებმა წითელი ბარათი ამოუღეს. მანჩესტერული კლუბის 76 წლის ლეგენდას გასულ შაბათს მატჩის გამოტოვება მოუხდა — „ფულემთან” 4:1 გამარჯვებას ვერ დაესწრო. საქმე ის გახლავთ, რომ მანამდე სერ ალექსი „წითელი ეშმაკების” ბოლო სამ შეხვედრას დაესწრო, რაც მისი მკურნალი ექიმების ჯგუფმა ზედმეტ ენთუზიაზმად ჩამოართვა.
ბოლო სამ შეხვედრას რომ ვამბობთ, პირველ დეკემბერს საუთჰემპტონში ფრიად ემოციურ 2:2-საც ვგულისხმობთ, ასე რომ აქ მარტო „ოლდ ტრეფორდზე” ჩატარებულ შეხვედრებზე არ არის ლაპარაკი. ცნობისათვის: მანჩესტერიდან საუთჰემპტონამდე 350 კილომეტრზე მეტია.
ცხრა დღიან მონაკვეთში „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა „იანგ ბოიზთან” (1:0), შემდეგ კი პრემიერლიგაში გამართა ორი შეხვედრა, „საუთჰემპტონთან” (2:2) და „არსენალთან” (2:2).
„იუნაიტედის” ერთ-ერთმა ვეტერანმა ჟურნალისტებს უამბო, რომ როდესაც „ფულემთან” შეხვედრაში სერ ალექსი „ოლდ ტრეფორდის” ტრიბუნაზე ვერ ნახეს, მიხვდნენ, რომ საქმეში მედიკოსების ხელი ერია. მეტისმეტი არაფერი ვარგაო, თქვა ვეტერანმა ფერგიუსონის ჭარბ გულშემატკივრობაზე.
„ექიმებმა ტელევიზორში ნახეს, რომ სერ ალექსი ზედიზედ მესამე შეხვედრას დაესწრო. თან, ამაში ხომ საუთჰემპტონამდე და უკან მგზავრობაც შედიოდა”, — თქვა მან.