ყველამ დაწერა, ყველამ გამოთქვა აზრი.
ყველაში მხოლოდ ჩემს ქართველ კოლეგებს არ ვგულისმობ – ესპანური „მუნდო“-დან დაწყებული და მეორეხარისხოვანი ინტერნეტგამოცემებით დამთავრებული.
ვატყობ, მეც დამიგროვდა სათქმელი…
გიორგი ჩაკვეტაძე რომ უკიდეგანოდ ნიჭიერია, ყველა ვთანხმდებით. 99 პროცენტიანი ალბათობით, ის ამ ზამთარშივე რომ დატოვებს ბელგიურ „გენტს“ და არც ეს უნდა იყოს სენსაცია. გასარკვევი ისღაა, რომელ კლუბზე შეჩერდება არჩევანი. მსურველთა დიაპაზონი „ბარსადან“  „ბორნუთამდე“ მერყეობს.
ცდუნება ძალიან დიდია და თუნდაც ჩაკვეტაძე უკვე ზრდასრულ ფეხბურთს თამაშობდეს, მისი მომავალი კარიერის განმსაზღვრელი სამი კომპონენტი იქნება: ოჯახი, პირადი აგენტი და დღევანდელი კლუბი.
ვიცით მაგალითები, როცა ამ მხარეთა შეთანხმებულ მოქმედებას ფეხბურთელის კარიერა ვარსკვლავურად უქცევია. თუმცა, ისეც ყოფილა (ქართველებში), რომ იმწუთიერ კვერცხს ქათამი ჯერ სახვალიოდ, მერე საზეგიოდ გადაუდიათ და (ხის მაგიდაზე ვაკაკუნებ) დაღმა წაუყვანიათ ტალანტის კარიერა.
ახლა მაგალითად კახა კალაძე მახსენდება. ორი „გაქცევა“ მოაწყო: ჯერ თბილისიდან კიევში დამოუკიდებლად გადაფრინდა და არც უნანია. უკვე მერე, როცა კიეველთა ლიდერად იქცა, ფაქტობრივად, აიძულა უკრაინელები, რომ „მილანში“ გაეყიდათ. ორჯერვე ათიანში გაარტყა – „მილანის“ დიდების დარბაზის წევრობა ბევრს არ რგებია.
მინდა, რომ ჩაკვეტაძემაც ათიანში გაარტყას. ეს ბიჭი არა მხოლოდ „გენტის“, არამედ ქართული ფეხბურთის მთავარი აქტივია. ზემოთ რომ სამი მხარე ვახსენე, იმათზეა ბევრი, თითქმის ყველაფერი დამოკიდებული. შეთანხმებულად და გიოს კარიერის პერსპექტივის გათვალისწინებით, თორემ კიდევ ერთმა ზენიჭიერმა გიომ ოციოდე წლის წინ მეტისმეტად დაგვწყვიტა გული (ისევ ვაკაკუნებ).
სანამ საფეხბურთო ევროპა ჩაკვეტაძის გვარის უაქცენტოდ წარმოთქმაში ვარჯიშობს, თავად გიოს ლეო მესის სიტყვებს შევახსენებდი:
„არ ვიცი, რამდენი ფული მაქვს. მე ფეხბურთს ვთამაშობ და ამით სიამოვნებას ვიღებ. საბანკო ანგარიშებს აგენტი და მენეჯერი განაგებენ“.
ითამაშე, გიო!
ისიამოვნე ფეხბურთით!