მაურო იკარდის ცოლი ვანდა ნარა ატირდა. მიზეზი: „ინტერი” ჩემპიონთა ლიგას ჩამოშორდა. ბოლო ტურში მილანელები „ეინდჰოვენს” შეხვდნენ, მათი კონკურენტი „ტოტენჰემი” კი „ბარსელონას” გაეჯიბრა. ორივე თამაში 1:1 დასრულდა. ფლეი-ოფში „ტოტენჰემი” გავიდა. არადა, „ნეროაძური” პსვ-თან ფავორიტად ითვლებოდა.

სხვათა შორის, „სან სიროზე” ანგარიში პსვ-მ გახსნა, იკარდიმ თავურით გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს.

ნარა „ინტერის” წარუმატებლობას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და გაწბილებულმა გრძნობები ვეღარ მოთოკა. სეზონის მეორე ნახევარში მილანის გუნდს ევროლიგაზე მოუწევს გადაბარგება.

ვანდა ნარა იკარდის 2014 წელს გაჰყვა ცოლად და მას მერე მისი აგენტიც გახდა.

სანამ იკარდის ცოლი გახდებოდა, ნარა „მილანისა” და „ბარსელონას” მოთამაშის, მაქსი ლოპესის მეუღლე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ვანდაც, მაუროცა და მაქსიც არგენტინელები არიან. მეტიც, იკარდი და ლოპესი „სამპდორიაში” თანაგუნდელები იყვნენ და როგორც ამბობენ, სწორედ იქ გააბა იკარდიმ მეგობრის ცოლთან რომანი.  მოგაწვდით დამატებით ცნობასაც: ვანდა ნარას და საირა ტატიანა ნარა ცნობილი არგენტინელი მოდელი, ტელეწამყვანი და დიეგო ფორლანის ყოფილი სატრფოა.

იკარდი „ინტერის” ბევრი გულშემატკივრის კრიტიკის ობიექტად იქცა. საქმე ის არის, რომ იგი კვირას, მადრიდში, „კოპა ლიბერტადორესის” ფინალს დაესწრო, რაც ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ არასერიოზულ ნაბიჯად ჩაუთვალეს.

იყო ჭორები, რომ მაურო იკარდი „რეალში” გადასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ვანდა ნარამ „რივერ პლეიტის” მაისური ჩაიცვა და ისე უარყო ეს ხმები. სამაგიეროდ, აგენტმა-ცოლმა დასძინა, რომ მის ქმარს „ჩელსი” სთავაზობს „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლას.

და მაინც, ბოლო ინტერვიუში ვანდა ნარამ თქვა: „ჩემი ქმარი „სან სიროზე” თავს ბედნიერად გრძნობს. რასაკვირველია, შემოთავაზებები სულ არის, მაგრამ ის სადმე გადასვლას არ აპირებს”.