ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ მისი აგენტის ჟორჟი მენდისის განცხადებასთან საერთო არაფერი აქვს — მენდისის აზრით კი მართალია „განსაკუთრებულს” დღენიადაგ აკრიტიკებენ, მაგრამ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან არავინ მოხსნის. ბევრმა პორტუგალიელი ბიზნესმენის ამ განცხადებას სენსაციური უწოდა, რადგან მართლაც ასეა: დღე ისე არ გავა, ხან პოჩეტინიო რომ არ დაასახელონ მოურინიუს შემცვლელად, ხან ზიდანი და ხან კიდევ ვინმე სხვა.
დღეს, ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერელები „ვალენსიას” ხვდებიან. ამ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე მოუმ თქვა:
„მე ამ განცხადებასთან საერთო არაფერი მაქვს. ეს ჟორჟის სიტყვებია, ჩემი კი არა. მე არ ვიცოდი მენდისი ასეთი რამის თქმას თუ აპირებდა და მართალი გითხრათ ჩემთვის სულერთიცაა”.
მენდისმა კი სიტყვასიტყვით ასეთი რამ განაცხადა: „ძალიან ბევრს ჭორაობენ, თითქოს ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წავა. ეს სრული სიცრუეა. ჟოზე კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბიც კმაყოფილია მისით. მას „იუნაიტედთან” მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და დიდი პროექტის განხორციელებაში მთელი გულით არის ჩაფლული”.
ჟოზე მოურინიუ: „მთელს მსოფლიოში გავრცელებულია აზრი, რომ კლუბებზე ფანები უფრო ზრუნავენ ვიდრე პროფესიონალები. ეს სიცრუეა. მანჩესტერში და მანჩესტერის გარშემო ამ კლუბზე ჩემნაირად არავინ ზრუნავს”.