მონტე კარლოს რადიოს აქვს გადაცემა „დუგა”, რომლის წამყვანი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კრისტოფ დიუგარი გახლავთ. მასთან ინტერვიუში „ჩელსისა” და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა ედენ აზარმა ერთხელაც დაადასტურა თავისი სიყვარული მადრიდის „რეალისადმი”.

„არასდროს დამიმალავს, რომ „რეალი” მიყვარს. მე ეს კლუბი იქ ზიდანის მისვლამდეც მიყვარდა, — თქვა ბელგიელმა, — რაც შეეხება „ჩელსის”, ამ სეზონს უეჭველად „ოლდ ტრეფორდზე” ჩავამთავრებ, ხოლო რა მოხდება მერე, გამოჩნდება”.

27 წლის აზარს „ჩელსისთან” 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი. ის ამბობს, რომ მართალია მადრიდელებთან მუდმივ მოლაპარაკებებშია, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. მან „სტემფორდ ბრიჯზე” დასარჩენად უკან დასახევი გზაც დაიტოვა, მაგრამ, მეორე მხრივ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ლურჯებს” ვერ დატოვებს.

„საქმე ის არის, რომ ჩვენს ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის ფეხბურთზე ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც მე. გარდა ამისა, ოჯახიც ლონდონში მყავს. მალე 28 წლის გავხდები. ასე რომ არ მინდა კარიერის ბოლოში მონაკვეთში შევცდე. ადრე თუ გვიან რაღაც რასაკვირველია უნდა გადავწყვიტო, მაგრამ ეს როდის მოხდება არ ვიცი”.

ამასობაში კი რადიო  Onda Madrid-მა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით „რეალსა” და აზარს შორის უკვე ყველაფერი გარკვეულია. Onda Madrid-ი ამბობს, რომ „თეთრებს” ბელგიელი 170 მილიონი ევრო დაუჯდებათ. არ არის გამორიცხული, ამ ფასის ნაწილი მათ მატეო კოვაჩიჩით დაფარონ, რომელიც „რეალის” საკუთრებაა, მაგრამ იჯარით „ჩელსიში” თამაშობს.