ლიბერტადორესის თასის მრავალტანჯული საპასუხო ფინალური მატჩი „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის ისევე დრამატულად წარიმართა, როგორც მათი დაპირისპირების მთელი გაჭიანურებული პროცესი და დამატებით დროში „რივერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ძირითადი დროის ანგარიში გახლდათ 1:1. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზეზით თამაში, რომელიც ბუენოს აირესში უნდა გამართულიყო, მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდა. პირველი შეხვედრა, „ლა ბომბონერაზე” ანუ „ბოკას” სტადიონზე 2:2 დასრულდა.
წინაისტორიის გამო თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მას დაესწრო ესპანეთის სამეფო ოჯახი. ლოჟებში ისხდნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ლეო მესი, ანტუან გრიზმანი, ხამეს როდრიგესი, ლეონარდო ბონუჩი და სხვები. მესის ინტერესი მისი სამშობლოს ორი უდიდესი წარმომადგენლის შეხვედრისადმი ბუნებრივი გახლდათ.
იმან, რომ მატჩი ოკეანის გადაღმა ჩატარდა არგენტინელი გულშემატკივარი ვერ შეაშინა. მათ არ მიატოვეს თავიანთი კლუბები, რომლებიც ისე უყვართ, რომ, როგორც იტყვიან, ამ სიყვარულთან შედარებით რელიგიური ფანატიზმი მსუბუქი გრძნობაა და თამაშზე დასასწრებად ნახევარი დედამიწა გადმოიფრინეს. „ბოკა ხუნიორსის” ფან-კლუბის წევრმა ნიკოლას მატერამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე დასწრების გამო ბევრი გაკოტრდა, ბევრიც ცოლს გაშორდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ესტადიო მონუმენტალისგან” განსხვავებით „სანტიაგო ბერნაბეუს” მისადგომებთან დაპირისპირებული ბანაკები წესიერად იქცეოდნენ — 24 ნოემბერს შეხვედრა სწორედ „რივერის” სტადიონთან მომხდარი ხულიგნობის გამო ჩაიშალა.
ამრიგად, „რივერმა” გაიმარჯვა და მეოთხედ მოიპოვა „კოპა ლიბერტადორესი”. არადა, თავიდან „ბოკა” დაწინაურდა, პირველ ტაიმში ანგარიში დარიო ბენედეტომ გახსნა, მაგრამ შესვენების შემდეგ ლუკას პრატომ, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში „რივერის” მეკარე ესტებან ანდრადამ საჯარიმოში წააქცია (ოღონდ ამ ეპიზოდში მსაჯმა პენალტი არ დანიშნა), მაინც გაიტანა თავისი — 1:1.
დამატებით დროში „რივერ პლეიტს” დიდი უპირატესობა მიეცა — „ბოკას” მოედნიდან კოლუმბიელი ვილიამ ბარიოსი გაუძევეს. და ამის შემდეგ თამაში „კოლუმბიური სცენარით” გაგრძელდა: „რივერის” შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა კოლუმბიელმა ხუან კინტერომ საჯარიმოს ხაზიდან ულამაზესი დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო მსაჯის წამატებულ წუთებზე მანვე ეფექტური ფინტით დაუცველ კართან („ბოკას” მეკარე კუთხურის დროს „რივერის” საჯარიმოში იყო ჩასული) გონსალო მარტინესი გაიყვანა და ამ უკანასკნელმა გაჭიანურებულ ფინალს წერტილი დაუსვა!