პოლიცია და „ჩელსი” „მანჩესტერ სიტის” საჩივარს იკვლევენ — „ქალაქელების” თქმით შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე”, მათ ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგის დიდ დაპირისპირებაში „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ლიდერობა დააკარგინა. 16 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში „ლივერპული” მოექცა.

ტელეკომპანია BT Sport გამომძიებლებს დახმარებას და საქმეში კარგად გასარკვევად ვისაც ჯერ არს შესაფერისი კადრებით მომარაგებას დაჰპირდა.

კადრებში ჩანს, რომ პირველ ტაიმში, როდესაც სტერლინგი მეტიუ ჰარდინგის სახელობის ტრიბუნას მიუახლოვდა, მაყურებელი მის მიმართ აგრესიულად იქცეოდა. ჩანაწერი, სადაც, „ჩელსის” გულშემატკივრები „სიტის” მოთამაშეს აგინებენ და  “f****** black c***”-ს ეძახიან (თქვენი ნებართვით თარგმნას მოვერიდებით), სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

მომხდარის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს ინგლისური ფეხბურთის ვეტერანმა ვარსკვლავებმა გარი ლინეკერმა, რიო ფერდინანდმა და იან რაიტმა.

„არსენალის” ლეგენდამ რაიტმა „ტვიტერზე” დაწერა: „დაბრუნდა ძველი საშინელი დრო. „ჩელსი”, შენ საკუთარმა უღირსმა რასისტმა ფანმა შეურაცხყოფა მოგაყენა. ეჭვსაც არ იწვევს, თუ რას ყვირის ის ტრიბუნიდან”.

პოლიციის განცხადებით უშუალოდ თამაშის დღეს, ცხელ კვალზე არავინ დაუპატიმრებიათ. სამართალდამცავები პირობას დებენ, რომ საქმეს დაწვრილებით გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.