აჰა, გაილია საქართველოს კიდევ ერთი ჩემპმიონატი ფეხბურთში. მგონი მეშვიდე.
რამდენი ჩემპიონატიც არ გაილია, „დინამო“ იმდენჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ კარგახანს გასტანს ასე.
ეს ჩვენა, „დინამოს“ ქომაგსა, კიდევაც გაგვეხარდება, მაგრამ მალე აღარც გაგვეხარდება. იმიტომ რომ მივეჩვევით და დილით რომ ჩაის სვამ, განა გიხარია?
ჩვეულებრივი ამბავია და იმიტომ.
ეს „ჩვეულებრივობა“ თავიდანვე დაებედა საქართველოს პირველობას.
ინტრიგაც ყოფილა ხოლმე ამ ჩემპიონატში, მაგრამ ეს ინტრიგაც ჩვეულებრივი გამოდიოდა.
აბა რაღა ინტრიგა იყო, როცა შარშან „სამტრედია“ რომ იბრძოდა, ხედავდი, რომ ვერ გაქაჩავდა, ვერ მოერეოდა და მაინც მეორე დარჩებოდა.
ჩვეულებრივი რამ იყო და არაჩვეულებრივი არ მოხდებოდა.
ყველაზე არაჩვეულებრივი საქართველოს ჩემპიონატში ის მოხდება ხოლმე, რომ თუკი გუნდი თამაშზე ვერ ჩავა ან დააგვიანებს, მას აუცილებლად ავტობუსი გაუფუჭდება და თან აუცილებლად რიკოთის უღელტეხილზე.
არაჩვეულებრივი ის კი არ არის, რომ ავტობუსი ფუჭდება, არამედ ის, რომ უკლებლივ ყველა გუნდის ავტობუსი ფუჭდება.
სხვა მოულოდნელობას საქართველოს ჩემპიონატისგან კაცი ვინმე ბურთის მოყვარე, არ უნდა ელოდეს.
თუმცა, არა. ერთი გამომრჩა.
ეს არაჩვეულებრივი შემთხვევა „დინამოს“ შეეხება. რადგან ჩემპიონს ერთი-ორჯერ ფეხი წაუცდება და წვიმაში, ავტობუსგაფუჭებული და დაღლილი ალბათ ერთ თამაშს წააგებს შორეული ლიხს-იქეთა ქალაქში.
წააგებს და ატყდება, აჰა გუნდი გამოჩნდაო.
მერე მიხვალ ამ გუნდის სანახავად სტადიონზე. ეგებ რაიმე მოახდინოს არაჩვეულებრივიო და ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება.
აი, მივედი ამასწინათ ჩვენს სტადიონზე, შესაშური სიხალვათე იყო, ლიდერები ხვდებოდნენ, წაგებულმა (სტუმარმა) ერთი გოლი შეაგდო. აი, მოგებულმა კი რამდენი, უნამუსო გახლდეთ, თუ მახსოვდეს.
შესვენებაზე აიკრიფა ჩვენს წინ მსხდომ კეთილშობილ ბიძათა გუნდი და წავიდა. ასე სთქვეს, სპორტის სასახლეში მივდივართ, იქ კალათბურთია „დინამოსა“ და „ვითას“ შორის და ეგებ ემანდ მაინც მოხდეს რამეო.
სპორტის მაყურებელს იმიტომ უყვარს სპორტი, რომ იქიდან ისეთი რამეს გამოელის, რაც, ჩვეულებრივ, არ ხდება ხოლმე.
ჩვენს ჩემპიონატში დიახაც შეგხვდებათ დაძაბული თამაში, მაგრამ როგორც ოსტაპ ბენდერს უყვარდა თქმა, „თამაშის კლასი დაბალია“ და ცხრილის შუაში მოხვედრილ გუნდთა ჭიდილი ოდენ ჭიდილია და არა ფეხბურთად ცნობილი სპორტი.
ვიცი, იტყვიან, ჩემპიონატის დონეს ფეხბურთელები სწევენო, ჩვენი ლეგიონერები უნდა დავაბრუნოთო და სხვა, მაგრამ რამდენ გუნდს ეყოფა ერთი ვარსკვლავი და ოთხი კარგი ფეხბურთელი?
ჯეი-ლიგის დარი ფული ჩვენს კლუბებს კი არა, მთელმა ერმა რომ ჯიბე ამოვიცარიელოთ, მაინც არ გვექნება. ბრაზილიელებს, ბოსნიელებს და სხვებს ვერ ვიყიდით, მაგრამ თამაშის ტემპი რომ ავწიოთ საგაისოდ, სირბილს რომ დავეჩვიოთ და ზლაზვნა დავივიწყოთ. ესეც დიდი მონაპოვარი იქნება. მაყურებელი თვალს მაინც გააძღებს, იტყვის, დარბიან, თავს იკლავენო.
თურქები ვნახე და გიჟებივით დარბოდნენ.
თან ეს უეფაც ახლოვდება, იქ ჩვეულებრივებს ჩვეულებრივ უგებენ ხოლმე, თორემ ფეხბურთის მოყვარულს რა? ორ კვირაში ევრო-96 იწყება.
24.05.1996