ანზორ კავაზაშვილი

– ბრძანეთ, საკალათბურთო ნაკრებს ვუქომაგეთო და ქართული ფეხბურთის შესახებ რამდენად ხართ ინფორმირებული?
– სამწუხაროდ, ჩემპიონატის დონეზე არ ვიცნობ, მაგრამ ნაკრების გამოსვლებს თვალს ვადევნებ. გული მწყდებოდა, რომ ერთი პერიოდი წაგება წაგებას მოსდევდა და ფრე თუ გამოერეოდა ხოლმე. ძალიან მიხაროდა. ახლაც მიხარია, როცა ჩვენმა გუნდმა არამხოლოდ საკუთარი ქვეჯგუფი მოიგო, მთელ D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფეხბურთელმა მოგებას თუ ვერ გაუგო გემო და ამით განცდილი ბედნიერება არ იგრძნო, პროგრესზე საუბარი ზედმეტია.
– მოდით, თქვენთვის უფრო ნაცნობ სამყაროზე გკითხავთ. რამდენად ლოგიკური იყო რუსეთის ნაკრების გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში?
– რუსულ ფეხბურთს მართლა ხუთი თითივით ვიცნობ. არ დაგიმალავთ და ნაკრებში ჩერჩესოვის დანიშვნაც ჩემი კრეატურა იყო. კარგად ვიცნობ მას. პრინციპული ადამიანია და არასოდეს კლუბის მფლობელების ხუშტურებზე არ უვლია. ამას ერჩივნა, კარი გაეჯახუნებინა და წასულიყო. რუსეთში რომ ვერ იგუეს, პოლონეთში წავიდა და დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ დავიწყე მისი ლობირება ნაკრებში. რაც შეეხება ნაკრების შედეგს მსოფლიოზე, დიდი წილი გამართლებაც იყო. ორ არაბულ გუნდთან გამარჯვებამ და ბევრმა გოლმა ფეხბურთელებს თავდაჯერება შემატა. ურუგვაისთან ისედაც ყველამ ვიცოდით, რომ რუსეთის ნაკრები უშანსოდ იყო. მერე იყო ესპანეთთან მერვედფინალი. ამ გუნდს ბურთს დიდი ხნით ვერ წაართმევ. ის ფლობს, შენ კი დარბიხარ და გაძლებაზე ხარ. გაუძლეს და მერე პენალტების ლატარეაშიც მოუგეს. ეგეც თქვენი მეოთხედფინალი.
– არ ჩანხართ აღფრთოვანებული დღევანდელი რუსული ფეხბურთით.
– რუსეთის ნაკრებში უკვე ხუთი ნატურალიზებული უცხოელია.
– და არც ერთი არ წყვეტს ვარსკვლავებს. საკუთარი საფეხბურთო მეურნეობაა განსავითარებელი და ახალგაზრდებს მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ. დუბლებში ჯდომით ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება. იგივე ეხება საქართველოს საფეხბურთო მეურნეობასაც.