ეს ესაა „არსენალმა” „ტოტენჰემს” გოლი გაუტანა.

მაურისიო პოჩეტინიომ თავის ფეხბურთელებს მკაცრად განუცხადა: არანაირი სელფი გასახდელში სანამ რომელიმე ჯილდოს არ მოვიგებთ! ასეთი გახლდათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელის პასუხი „არსენალის” ფოტოზე, რომელიც მოზეიმე „მეთოფეებმა” „სფურზთან” ჩრდილოლონდონურ დერბიში 4:2 გამარჯვებას მიუძღვნეს.

„რასაკვირველია, როდესაც ჯილდოს იგებ, უნდა იზეიმო. მეც მიზეიმია ფეხბურთელობის წლებში. ხალხს უნდა აჩვენო, რომ გიხარია, მაგრამ, ვიმეორებ, ეს მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანს მოიგებ.

მესმის, რომ ადამიანებს თავის გამოჩენა სჭირდებათ. ასე ისინი თავმოყვარეობას იკმაყოფილებენ. ისიც მესმის, რომ მსოფლიო შეიცვალა. პირადად მე ძველი თაობის კაცი ვარ და ასეთი რაღაცები არ მიყვარს. სხვა მენტალიტეტი მაქვს. თანამედროვე ტექნოლოგიებს ვაღიარებ, თუმცა ვცდილობ შეძლებისდაგვარად გავემიჯნო.

თანაგუნდელებთან ერთად ზეიმი მიყვარს, მაგრამ მირჩევნია ეს შინაურულ წრეში მოხდეს, საჯარო არ იყოს”.

46 წლის პოჩეტინიო „ესპანიოლში” მცველად თამაშობდა და კარიერის განმავლობაში ორჯერ მუგია ესპანეთის სამეფო თასი. დღეს ის აღიარებს, რომ ცდილობს თავიდან აირიდოს ხალხი, რომელიც პარკში საყვარელ ძაღლ სანსასთან ერთად მოსეირნეს ფოტოს უღებენ.

„როდესაც პარკში ძაღლთან ერთად ვსეირნობ დრო და ყურადღება ძაღლს უნდა დავუთმო თუ გულშემატკივრებს?”, — აღშფოთებით ამბობს ის.

პოჩეტინიოს „ტოტენჰემი” დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას „საუთჰემპტონს” მასპინძლობს. „საუთჰემპტონი” ის გუნდია, რომელსაც არგენტინელი 2013-14 წლებში ედგა სათავეში.

„ვაღიარებ, ძველი თაობის ადამიანი ვარ. ძველებური მენტალიტეტი მაქვს. სურათს და ვიდეოს თუ ვიღებ, ჩემთვის მინდა და არა ხალხისთვის. დრო კი სწრაფად გადის. დღეს ვინმესთან ერთად სადილად რომ ვსხედვართ, მე ჩემი ტელეფონით ვლაპარაკობ, ის კი თავისით და მომენტს გემოს ვერ ვატანთ.

ახალ თაობას და საზოგადოებას სწორედ ეს ახასიათებს. ეს მისთვის ჩვეული რამ არის და მართალი გითხრათ, ცოტა მაშინებს კიდეც. ნეტავ, როგორი იქნება მომავალი?” — კითხულობს „ტოტენჰემის” თავკაცი.