„საბურთალომ“ ოფიციალურად ჩაიბარა ჩემპიონის ვერცხლის ფარი. „ჩიხურასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ (0:0), გამარჯვებულებს ოქროს მედლები სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩამოურიგა.
კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ კი მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს სპეციალურად დამზადებული საჩუქარიც გადასცა. დამრიგებელს ხომ „საბურთალოში“ საიუბილეო 150 მატჩი დაუგროვდა.
თამაში უგოლოდ დამთავრდა. 21-ე წუთზე მსაჯმა საბურთალოელი ლუკა ლაკვეხელიანი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა და პენალტი დანიშნა. თუმცა გიორგი გაბედავას დარტყმული, ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
ახლა კი დარჩენილი ამბების შესახებ. „სიონი“ ზედიზედ მესამე სეზონია პლეი ოფ(აუტ)შია. შარშანწინ ბოლნისელები „შუქურასთან“ დამარცხდნენ და ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ. შარშან კი ასევე აჭარულ გუნდს, ბათუმის „დინამოს“ მოუგეს და ელიტაში დაბრუნდნენ.
პლეი აუტის კანდიდატები „სიონი“ და „რუსთავი“ იყვნენ, მაგრამ დარჩენილ ორ ტურში „რუსთავს“ უმოტივაციო „სამტრედიასთან“ და „ლოკომოტივთან“ უწევდა თამაში, „სიონს“კი მესამე ადგილისთვის მებრძოლ „ტორპედოსთან“ და „ჩიხურასთან.“
„რუსთავმა“ იოლად მოუგო „სამტრედიას,“ „სიონმა“კი „ტორპედოს“ ვერაფერო მოუხერხა, 0:3 დამარცხდა და პლეი აუტში გადაინაცვლა, სადაც ქვეყნის თასის ფინალისტ „გაგრას“ გაეჯიბრება 12 და 15 დეკემბერს. მეორე პლეი აუტში „სამტრედია“ „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდება.
„სიონი“ – „ტორპედოს“ თამაში „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მინდორზე გაიმართა, თუმცა იმ სარბიელს მინდორს ვერც დავარქმევდით. საშინელ დღეშია. მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლამის ლიგის ნახევარი გუნდებისთვის „მიხეილ მესხი“ საშინაო არენადაა გადაქცეული და ასეთ დატვირთვას რომელი მინდორი გაუძლებს.
ცხრილის ზედა ნაწილში კი ერთი მნიშვნელოვანი ამბავი დარჩა გასარკვევი. ვის დარჩება ევროპა ლიგის მესამე საგზური? მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკავალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ ითამაშებს, „დინამო“ და „ტორპედო“ ევროპა ლიგაზე შეეცდებიან წარმატების მიღწევას. რჩება კიდევ ერთი საგზური, რომელსაც მეოთხეადგილოსანი მიიღებს. ამჟამად ამ ადგილზე საჩხერის „ჩიხურა“ დგას, „დილას“ ერთი ქულით უსწრებს და ბოლო ტურში „სიონს“ ეთამაშება. გორელები კი „დინამოს“ ესტუმრებიან. ვნახოთ, რა მოხდება.
სხვა მხრივ, დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ (წინა ტურში პოკერის შემსრულებელმა) ისევ გაიტანა და 22 გოლით კვლავ სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას. დუბლი მიითვალა გორელთა უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა, 20 გოლი დაუგროვდა (ამდენივე აქვს ჩიხურელ გიორგი გაბედავასაც) და ბოლო ტურის ინტრიგა, ვინძლო, ბომბარდირთა პაექრობამაც გაამძაფროს.
35-ე ტური: რუსთავი 3:0 სამტრედია, კოლხეთი 0:2 დინამო, სიონი 0:3 ტორპედო, დილა 4:0 ლოკომოტივი, საბურთალო 0:0 ჩიხურა
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა
36-ე ტური
8 დეკემბერი: სამტრედია – საბურთალო, დინამო – დილა, ჩიხურა – სიონი, ლოკომოტივი – რუსთავი, ტორპედო – კოლხეთი
მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 22, გიორგი გაბედავა (ჩიხურა), მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 20, ლეანდრო რიბეირო (დილა), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) – 14, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/ შტურმი ავსტრია) – 11