„ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა 33 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ხმების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის გადაასწრო და მათ ათწლიან ბატონობას წერტილი დაუსვა.

რონალდუ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველობდა, ამჯერად მეორე იყო. მესამე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, ფრანგი ანტუან გრიზმანი; მეოთხე მისი თანამემამულე კილიან მბაპე, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზითაც დააჯილდოვეს — ეს პრიზი „ფრანს ფუბოლის” გამოკითხვათა ისტორიაში სიახლე იყო — ხოლო მეხუთე პოზიცია ლეო მესის ერგო.

გამარჯვებულმა მოდრიჩმა თქვა: „ენითაუწერელი გრძნობაა. დიდი სიამოვნებაა აქ, ამ ფეხბურთელების კამპანიაში ყოფნა. ჯერაც ვცდილობ გავაცნობიერო, რომ იმ გამორჩეულ მოთამაშეთა შორის აღვმოჩნდი, რომლებმაც სხვადასხვა წლებში „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთი” მოიგეს”.

2018 წელი ლუკა მოდრიჩისთვის მართლაც ფანტასტიკური იყო. ჯერ იყო და ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალთან” ერთად ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ზაფხულში კი ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

მართალია, მონდიალის ფინალი ხორვატებმა ფრანგებთან წააგეს (2:4), მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მათ ლიდერსა და კაპიტანს, ლუკა მოდრიჩს ხვდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, აგვისტოში, მასვე გადასცეს უეფას 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. სექტემბერში ის უკვე ფიფამ აღიარა წლის საუკეთესოდ. ამას მოჰყვა IFFHS-ის 2018 წლის საუკეთესო გამთამაშებლის ტიტული და აი, წელიწადი „ფრანს ფუტბოლმა” დაასრულა თავისი „ოქროს ბურთით”.

კილიან მბაპე

და მაინც, თვალშისაცემი გახლდათ, რომ დარბაზში ორი ადგილი თავისუფალი იყო. ლუკა მოდრიჩის დაჯილდოების ცერემონიალს არ ესწრებოდნენ ისინი, ვისაც მან გვირგვინი ჩამოართვა: ლეო მესი და წლების განმავლობაში მოდრიჩის თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ.

მესიმ პარიზში ჩაფრენისა და ცერემონიალში მონაწილეობის ნაცვლად საღამო ოჯახთან ერთად გაატარა და „ინსტაგრამზე” გამოფინა ფოტო ცოლ-შვილთან ერთად. მაგრამ, არგენტინელმა გამოკითხვაში მხოლოდ მეხუთე ადგილი აიღო, კრიშტიანუ რონალდუ კი გამოკითხვაში მეორე გახლდათ.

„ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოების ცერემონიალთან დაკავშირებით საკუთრივ რონალდუს ჯერ არაფერი დაუწერია და განუცხადებია, სამაგიეროდ იაქტიურეს მისმა დებმა. 39 წლის ელმა ავერიუმ სოციალურ ქსელში დაწერა:

„სამწუხაროდ ასეთია მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ: დამპალი, რომელსაც მაფია და fucking ფული მართავს”.

ხოლო პორტუგალიელის მეორე დამ, კატიამ დაპოსტა შარშანდელი ფოტო, სადაც მისი ძმა „ოქროს ბურთით” ხელში დგას და მიაწერა: „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი… რასაკვირველია, მათთვის, ვისაც ფეხბურთი ესმის”.