„ფრანს ფუტბოლმა” პირველად გამოავლინა საუკეთესო ფეხბურთელი ქალი. „ოქროს ბურთი” ერგო ნორვეგიელ ადა ჰეგერბერგს, რომელიც „ლიონში” თამაშობს და პარიზული შოუს ყველაზე უხერხული მომენტიც სწორედ მას შეეხო. ყოველ შემთხვევაში, ევროპულ სამყაროში, სადაც გალა წარმოდგენა ტარდებოდა, ამ ამბავს დიდი ყურადღება მიაქციეს.
კერძოდ, ადა ჰეგერბერგს საღამოს ერთ-ერთმა წამყვანმა, „დი ჯეი” მარტინ სოლვეგმა ისეთი რამ ჰკითხა, რაც ბევრმა ქალთა უფლებების შელახვად მიიჩნია. სოლვეგმა ნორვეგიელს ჰკითხა, „ტვირკი” თუ შეგიძლიაო, ეს „ტვირკი” კი თეძოების ქნევით ცეკვაა, რომელიც ერთგვარ სექსუალურ ელემენტს შეიცავს.
ევროპული პორტალები წერენ, რომ ამ კითხვამ ბევრ ადამიანში გაღიზიანება და სიბრაზე გამოიწვია, რადგან ის სექსიზმად და კაცის მიერ ქალის ჩაგვრად მიიღეს. ყველა ხაზს უსვამს, რომ კითხვაზე ჰეგერბერგმა ცივი უარი განაცხადა, მერე კი კამერა დარბაზში მჯდომ კილიან მბაპეზე გადავიდა, რომელსაც გაოგნებული გამომეტყველება ჰქონდაო.
უფრო ზუსტად რომ გავიგოთ, რა არ მოეწონა საზოგადოებას „დი ჯეის” კითხვაში, ცნობილ ჟურნალისტ ქალს ვიქტორია უვოკუნდას მოვუსმინოთ, რომელმაც გაღიზიანებულმა თქვა, საინტერესოა, ის რატომ არ იკითხეს, მოდრიჩს თუ შეუძლია „ტვირკიო”.
შესაძლოა უვოკუნდას კომენტარი ვინმეს გაუკვირდეს და თქვას, მოდრიჩმა „ტვირკი” რატომ უნდა იცეკვოს ის ხომ კაციაო, მაგრამ სექსიზმიც სავარაუდოდ სწორედ ამაში მდგომარეობს.
ასეა თუ ისე, ფრანგი „დი ჯეისა” და ნორვეგიელი ფეხბურთელი ქალის გასაუბრებას სკანდალი უწოდეს. მარტინ სოლვეგმა ბოდიში მოიხადა და შოუს შემდეგ ადა ჰეგერბერგს შეხვდა კიდეც. ჰეგერბერგმა კი თქვა, წამყვანს ვაპატიე, რადგან მისი ნათქვამი თავიდან შეურაცხყოფად საერთოდ არ მიმიღია, გამარჯვებით გახარებული ვიყავიო.