უეფამ უკვე დაამტკიცა კიდევ ერთი ევროტურნირის ფორმატი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში დაიწყება. ჯერჯერობით მოუნათლავ ტურნირს ისეთივე საშეჯიბრო ბადე ექნება, როგორიც ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას.

32 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 8 ქვეჯგუფში იასპარეზებს, მერე კი ფლეი-ოფის სტადია დაიწყება. ფლეიოფში პირდაპირ გავა 8 ჯგუფის გამარჯვებული. მეორეადგილოსნებს მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გასულებთან მოუწევთ ჭიდილი.

ჯამში ახალი ტურნირის ბადე 15 საშეჯიბრო დღეს მოიცავს და 141 მატჩზეა გათვლილი – ისევე, როგორც ევროპის ლიგაში. ამ ორი ტურნირის მატჩებიც ერთსა და იმავე დღეებში, ხუთშაბათს გაიმართება, სამშაბათი და ოთხშაბათი კი კვლავაც ჩემპიონთა ლიგის განკარგულებაში დარჩება.

რაც შეეხება ევროტურნირების ფინალებს, ერთ კვირაში ჩაეტევა: ოთხშაბათს ახალი ტურნირი, ხუთშაბათს ევროპის ლიგა, შაბათს კი ჩემპიონთა ლიგა.

რაღაცით ინტერტოტოს თასის ასოციაციაც გაჩნდა. უეფას სურვილი გასაგებია: მეტ კლუბს გაუხსნას ევროტურნირებისკენ გზა და გააფართოვოს სატელევიზიო ბაზარი.

გასაგებია ჩვენი ინტერესიც: ყოველი მორიგი ევროსაგზური ქართული კლუბებისთვის ჩინებული სკოლა და განვითარების ახალი ბიძგი იქნება.

ორწელიწადნახევარიღა დარჩა.

წილი
წინა სტატიანუ მოსთხოვთ ფეხბურთელებს თეძოების რხევას
შემდეგი სტატიაისკო და ზამთარი
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.