პრემიერლიგის მე-14 ტურში მერსისაიდური დერბი ანუ „ლივერპულისა” და „ევერტონის” შეხვედრა ყველაზე კარგი სანახავი ალბათ არ იყო, მაგრამ ყველაზე კურიოზული გოლი, თან „პრემიერლიგურად”, მსაჯის წამატებული დროის თითქმის ბოლო წამზე, სწორედ აქ გავიდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინგლისის ჩემპიონატი რაგინდ გადაივსოს უცხოელი ფეხბურთელებით, თავის ეშხსა და თვისებებს არ კარგავს.

ანგარიში 0:0 იყო, როდესაც საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან  ვირჯილ ვან დიიკმა ბურთს ისე ამოსცხო, რომ ეს ყველაფერი იყო პასის, ჩაკიდების, ჩაწოდების ან კარში დარტყმის გარდა. ბურთმა მაღლა იფრინა და პარაშუტივით ჩაეშვა… მაინცდამაინც ხარიხის თავზე, სადაც „ევერტონისა” და ინგლისის ნაკრების მეკარემ ჯორდან პიკფორდმა მას ხელები დაავედრა (ალბათ, ჯობდა ხარიხას დასცემოდა, რადგან სავარაუდოდ მოედანს გარეთ გადავარდებოდა) და რაღაცნაირი ოინით მოედანში დააბრუნა, სადაც „წითლების” ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიჯი დახვდა და თავით კარში შეაგდო.

თუმცა, რატომ გიყვებით? ვისაც ეს საოცრება არ გინახავთ, ჩვენს მიერ მოტანილ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. ვიდეო მთელი თამაშის საუკეთესო მომენტებს შეიცავს, უშუალოდ გოლს კი 2:24-დან ნახავთ.

ინგლისის მთავარმა მეკარემ მატჩის შემდეგ არაერთი ბოდიში მოიხადა: „მინდა „ევერტონის” ფანებს დიდი ბოდიში მოვუხადო. ვერაფერს გავაკეთებ გარდა იმისა, რომ პატიების თხოვნით ხელი მაღლა ავღმართო. ეს ჩემი ბრალი იყო. კიდევ კარგი ძლიერი მენტალიტეტის ადამიანი ვარ და ამ უიღბლობას გადავიტან. მეკარეებს კურიოზული შეცდომები მოგვდის ხოლმე. შემდეგ ისინი სულ მწარედ გახსოვს. სამწუხაროდ, ამჯერად ეს მე შემემთხვა”.

ორიჯი: „რა თქმა უნდა ეს ყველაზე კურიოზული გოლია, რომელიც ცხოვრებაში გამიტანია. ხომ ნახეთ ემოციათა როგორი ამოფრქვევა გამოიწვია. ბედნიერი ვარ. ის, რომ ეს გოლი დერბიში გავიდა მას ერთიორად მნიშვნელოვანს ხდის”.