საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა მომავალ წლამდე თავი დაგვიკრა. დაგვიკრა მაჟორულ ნოტაზე, თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრების დამარცხებით და თებერვალში გასამართი ორი დასკვნითი შესარჩევი მატჩის ოპტიმისტურ მოლოდინში.
თამაში თანაბრად დაიწყო, გუნდებს დაცვაში თამაში უფრო ემარჯვებოდათ და პირველი მეოთხედის ანგარიში უფრო ხელბურთისას ჰგავდა. იქნებოდა ასე მეორე მეოთხედის შუაწელი, როცა ფაცაციამ, ბითაძემ, ბოლოს მაკფადენმა წუთნახევარში სამი სამქულიანი უთავაზეს სტუმრებს და წუთშესვენებაზე გასვლა აიძულეს, მაგრამ რა: თამაშის გაგრძელებისთანავე ახლა ცინცაძემ მოძებნა ფარი პერიმეტრს გარედან და რომ არა ბლატის საპასუხო შორი ნატყორცნი, ისრაელის ნაკრებს კატასტროფის კონტურები ეკვეთებოდა. ბოლოს ნახსენებმა ყმაწვილკაცმა ბურთი მერეც კარგად მოიმარჯვა და ბოლო წუთის ორმხრივი ბალღური შეცდომების ფონზე
ქართველები სულ რაღაც ოთხქულიანი უპირატესობით გაემართნენ გასახდელისკენ.
მესამე პერიოდში ქართველები კიდევ ოდნავ წინ გაიქცნენ, შემდეგ ისრაელელები ჩვენებს სწრაფად და თითქმის წამოეწივნენ და მთელი მეოთხედი ქულათა მინიმალური სხვაობით გაილია. დასკვნით მეოთხედში მატჩის სიფიცხემ იმატა და შეხვედრის დასრულებამდე ზუსტად 6 წუთით ადრე, ხანგრძლივი დევნის შემდეგ, სტუმრები დაწინაურდნენ. შფოთვის საბაბი უნივერსალმა ბითაძემ შეამცირა, რომელსაც, წესით სამქულიანების სროლა არც უნდა ევალებოდეს და ბარე ორი კი დღეს საღამოს ჩააგდო. შემდეგ მაკფადენმაც გაიხსენა თავის ძირითადი მოვალეობები ანუ სამქულიანები და ცხადი გახდა, რომ მატჩის ბოლოს ისევ სტუმრებს შეექნათ დასაწევად საქმე.
და ისევ უაზრო შეცდომები თამაშში ბურთის შემოტანისას და ღვთის წყალობასავით უნაყოფო საპასუხო ქმედებანი ებრაელთა მხრიდან – თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა, სადაც შერმადინის მიერ დაგვირგვინებული კომბინაციით კიდევ ერთხელ დადასტურდა ილიას ზუროსის დახაზული სქემების ეფექტურობა. ნერვული და ამის გამო კიდევ უფრო დასაფასებელი გამარჯვებით (71:69) საქართველოს პერსპექტიულმა ნაკრებმა 2019 წლისთვის კარგი განწყობა დაუბევა თავსაც და ქომაგსაც.