ზარი

მოდით, ჩარლი როუზს ველაპარაკოთ. უფრო სწორად, გავიხსენოთ ის, რასაც ჩარლი როუზი გვიამბობდა, სანამ ცოცხალი იყო. ჩარლი ძველი დროების პრომოუტერი გახლდათ და ბროდვეიზე პატნემ ბილდინგში ჰქონდა კანტორა, საიდანაც მსუბუქი წონის მოკრივეთა ბედს განაგებდა და მატჩების გამართვას ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ როუზი მძიმე წონის საქმეებში არ ერეოდა, სწორედ ის აღმოჩნდა მონაწილე ერთი დიდი შერკინების მზადებისა, რომელიც არ შედგა, არადა, რომ შემდგარიყო, კრივის ისტორიას სამუდამოდ შემორჩებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო თვალისმომჭრელი სანახაობა და დაუვიწყარი ბრძოლა დიდ მოკრივეთა შორის.

1925 წლის აგვსიტო იდგა. ჩარლ როუზი თავის ოფისში იჯდა და ჭერს შესცქეროდა. საქმე ცოტა მქონდაო, ასე გვეუბნებოდა თვითონ და ჩვენ რომ არ დავუჯეროთ, სირცხვილიც კი იქნება, ჩარლი როუზი ხომ კეთილი მოხუცი იყო. მოკლედ, სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმა.

„გამარჯობა ჩარლი, ფლოიდ ფიცსიმონსი გელაპარაკება საუს ბენდიდან, ინდიანაში რომაა“.

„გაგიმარჯოს ფლოიდ“.

„მისმინე ჩარლი, მე მინდა, რომ ჰარი ვილსი დემპსის შევახვედრო საუს ბენდში. ჯეკს იოლად შევკერავ, მაგარმ ჰედი მულინსს არ დავლაპარაკებივარ“.

„პედი აქ არის, ნიუ იორკში“.

„ვიცი, ვიცი, მაგრამ პედი და შენ ძმაკაცობთ და მინდა შენ დაელაპარაკო. ჰარის ერთიღა დარჩა – ჯეკთან შეხვედრა. ჩემზე კარგ პირობებს ვერავინ შესთავაზებს, ჰარის სჯერა, რომ ჯეკს მოერევა, ჯეკიც ფიქრობს, რომ წააქცევს მას. ჰარი უკვე ოცდათექვსმეტისაა, რამდენიღა დარჩენია? მისმინე ჩარლი, აქ ორმოცათასიან არენას ავაშენებ საგანგებოდ ემაგ ჩხუბისთვის, ორი მილიონი დაჯდება და თუ მაგ საქმეს მომიკვარახჭინებ, მოგებიდან ორ პროცენტს გამოვალ“.

„ვინ დგას შენს უკან, ფლოიდ?“

„აი, მაგას კი ვერ გეტყვი, ფული არის და…“

„უმჯობესია შენც ჩამოხვიდე, ფლოიდ…“

„კარგი, ხვალ ნიუ იორკში ვიქნები“.

დროება

ეს იყო 20-იანი წლები. მშფოთვარე 20-იანი წლები. ჟამი მშრალი კანონისა, ბუტლეგერებისა, ყავის ფინჯანში ჩამოსხმული ვისკისა და ეს ის დრო იყო, როცა კრივში დიდი ფული გამოჩნდა. დიდი შავი ფულიც და დიდი თეთრი ფულიც. დიდი დეპრესიის წინა წლები იყო, ფული მოდიოდა და მოდიოდა.

ფლოიდ ფიცსიმონსს მძიმე წონის განთქმულ ჩემპიონის ჯეკ დემპსის ბოლო ბრძოლა მოეწყო, პედი მულინსი კი განთქმული შავი მოკრივის ჰარი ვილსის საქმეთა გამრიგე გახლდათ.

1925 წლის შემოდგომისთვის მძიმე წონაში ვითარება ასეთი იყო: ჩემპიონ დემპსის, ერთი შეხედვით, ბადალი არ ჰყყავდა – 1923 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, როცა ნიუ იორკის პოლო გრაუნდზე დასცა ლუის ანხელ ფლიპო, დემპსიმ ექვსი ბრძოლა გამართა და მოწინააღმდეგენი აქეთ-იქით მიყარ-მოყარა. იმ დროის მენეჯერებს, რა თქმა უნდა, უხაროდათ ეს ამბავი, მაგრამ მეორე მხრივ, დარდობდნენ, რომ მძიმე წონის ჭიდილმა სახალხო ინტერესი დაკარგა და შემოსავალი კლებულობს. ხმაურიანი ორთაბრძოლა არ ჩანს, ხალხმა იცის, რომ დემპსი მოიგებს და მაშინ რაღა საჭიროა ამხელა არენები, ღია, ცისქვეშ ფიცარნაგები და ხმაური.

ფლოიდ ფიცსიმონსი მთელ წელიწადს ფიქრობდა ღირსეულ მეტოქეზე, ანუ ისეთ კაცზე, ვინც დემპსის ოფლს და სისხლს დააღვრევინებდა. მის წინაშე იყო ჯინ ტანი, ქვემძიმე წონის ჩემპიონი და ნამდვილი ვარსკვლავი, რომელსაც სულ ახლახან შემოეღო მძიმეწონოსანთა დივიზიონის კარი და ემატებოდა როგორც წონა, ასევე ოსტატობა და გამოცდილებაც. ჯინ ტანი ფანტასტიკური მოკრივე იყო, მაგრამ იმხანად შედარებით „მსუბუქ“ მძიმეწონოსნებს არჩევდა მოწინააღმდეგებად. ჩემპიონთა შესარკინებლად ის ჯერ არ გამოდგებოდა.

მაგრამ იყო მეორეც – ჰარი ვილსი, გამოცდილი და ხმოვანი დიდოსტატი, სახალხოდ „ნეგროდ“ წოდებული თავისი სიზანგის გამო. ვილსი არასოდეს ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონი და 1924 წელსაც ორადორი ბრძოლა გამართა, მაგრამ სახელი და პატივი დიდი ჰქონდა და როგორც საკრივო ფიგურა უაღრესად კოლორიტული გახლდათ. მენეჯერიც სახელიანი ჰყავდა და დემპსის წინაშე ღირსეულად დგომაც შეეძლო. უფრო სწორად, წინდაწინ ვერც კი იტოდი, აი, ამ კაცს ჯეკი მოერევაო.

ფლოიდ ფიცსიმონსმაც იგი შეარჩია, მით უმეტეს, რომ კრივის მოყვარე საზოგადოება და გაზეთები ერთხმად მოითხოვდნენ – ვილსი და დემპსი ერთმანეთს უნდა შეერკინონო. ჰოდა, ფროიდმა ფულის ძებნა დაიწყო. დაიწყო და იპოვა კიდეც, საუს ბენდში ერთი სასტუმროს მეპატრონე ცხოვრობდა, სახელად ჩარლი ვეისბერგერი, სწორედ ამ კაცმა უთხრა ფიცსიმონსს, მავანს სურვილი აქვს, ერთი კარგ ჩხუბში ჩადოს ფულიო. „მავანის“ ვინაობას არ ასახელებდნენ, მაგრამ ფლოიდმა მშვენივრად იცოდა, რომ ფულს მულტიმილიონერ სტუდბეიკერთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი გამოდიოდა. სტუდბეიკერები იმხანად მატარებლის ვაგონებს უშვებდნენ, შემდგომში კი საავტომობილო საქმეში გადაბარგდნენ.

ასე რომ, ფლოიდ ფიცსიმონსს მოქმედება შეეძლო. მან ამჯობინა ჩარლი როუზის პირით ელაპარაკა. მას და მულინსს ძველი მტრობა ჰქონდათ, ჩარლი კი ორივეს მეგობარი იყო.

დასაწყისი

ფლოიდ ფიცსიმონსი მატჩმეიკერი, ბრძოლების მომწყობი იყო. მისი მთავარი პრობლემა მენეჯერებთან მოლაპარაკება გახლდათ. მოგეხსენებათ, მოკრივე უმენეჯეროდ არაფერია და ის სატელეფონო ზარიც ჩარლი როუზის ოფისში რომ გაისმა, არ იყო მხოლოდ ძველი მტრობის შედეგი.

მეორე დღე კვირა იყო, ფლოიდი ნიუ იორკში ჩაოვიდა და ის და ჩარლი ტაქსით გაეშურნენ ბრუკლინისკენ, სადაც ოუშენ პარკევის 218-ე სახლში მულინსი ცხოვრობდა. ჩარლი ლოგინში მწოლარეს წამოადგა თავს მულინსს. ამ უკანასკნელს ალისფერი პიჟამო ეცვა.

„რა გეტაკა ჩარლი ამ კვირა დღეს?“

„საქმეა“, – მიუგო ჩარლიმ და მთელი ამბავი გადმოულაგა.

ხუთი წუთის განმავლობაში პედი მულინსი იმგვარი მონდომებიც იგინებოდა, რომ მთელ პარკვეის ესმოდა, ალბათ, ესმოდა ტაქსში მომლოდინე ფიცსიმონსსაც, მაგრამ რას იზამდა?

„წყალს და მეწყერს წაუღია ეგ კალიფორნიელი თაღლითი!“ პედი ასეთი ბობოქარი კაცი იყო, მაგრამ ჩარლიმ ნელ-ნელა დაუწყო ლაპარაკი. უთხრა, რომ ორასი ათასი დოლარის შოვნა შეიძლება და როცა ამ საქმეზეა ლაპარაკი, კინკლაობის გახსენება სისულელეა, ჩარლიმ მთელ საათს ილაპარაკა.

მერე პედიმ პიჟამო გაიხადა და კოსტუმი ჩაიცვა, ახლა კი სერიოზულად ვილაპარაკოთო.

„კარგი, ნეგროს თანხმობა ჩემზე იყოს, მაგრამ ვინ მომიყვანს დემპსის? შენ ხომ იცნობ ტექს რიკარდს? ტექსს ვინ გამოაცლის ხელიდან დემპსის? აპირებს საერთოდ ჩხუბს?” – ეს იყო მისი კითხვები.

ჩარლიმ ფანჯარა გამოაღო და ტაქსში მჯდომს გადასძახა:

„ფლოიდ, ამოდი, სალაპარაკოა!“

დასხდნენ და ილაპარაკეს. მერე ედიმ სახვალიოდ დაიბარა:

„ჩემს ოფისში მოდით. მე ვილსს დაგახვედრებთ, ოღონდ, თქვენ დემპსი მიშოვეთ“.

ფლოიდმა კი უთხრა: „თქვენ ორასი ათასს აიღებთ, თუ ჩხუბი ჩაიშლება, ორმოცდაათი ათასი მაინც შეგხვდებათ და კიდევ ხუთი ათასი სავარჯიშო ფული. თუ ტოტალიზატორი იმუშავებს, კიდევ ოც პროცენტს გამოვლენ”.

ამბასადორში

როუზმა გადაწყვიტა ტექს რიკარდოს გვერდის ავლით დალაპარაკებოდა დემპსმის. რიკარდი განთქმული კაცი იყო, თავის ნებაზე ატრიალებად ჩემპიონს და მისი შემოვლით ლაპარაკი უკეთესი იყო. ჯეკი ნიუ იორკში, სასტუმრო „ამბასადორში“ იდგა თავის ქალთან, ესტელა ტეილორთან ერთად. ჩარლი დაუჯდა და ელაპარაკა:

„ჩარლი, უთხარი რომ ვიჩხუბებ, საუს ბენდზეც თანახმამ ვარ“, – თქვა დემპსიმ, „მაგრამ მე მილიონი უნდა ავიღო“.

როუზი დაეთანხმა, დაპირდა, ორთაბრძოლის შემდეგ სუფთა მილიონს მიიღებო და დემპსიც მომავალი მოწინააღმდეგით დაინტერესდა.

ჩარლიმ მოკრივე ბარტლი მედენი მოძებნა და ამბასადორში წაიყვანა დემპსისთან. მედენი ის კაცი იყო, ვინც შარშან დაეჯაბნა ვილსს. მან დაარწმუნა ჯეკი, რომ ოცდათექვსმეტი წლის ვილსთან ბევრი არაფერი გაუჭირდებოდა. „შენ რვა რაუნდში დააგდებ მას“, – უთხრა ჩარლიმაც, ნეგრომ დარტლი კი წაახდინა, მაგრამ ის ხომ დემპსი არ არის? ვილსი დიდი მოკრივეა და რისკიც თან სდევს მასთან ჩხუბს, თუმცა, ჰარი დაბერდა და მილიონიც კარგი ფულია”.

ამის შემდეგ ფიცსიმონსი, ჩარლი როუზი და დემპსი ლოს ანჯელესში “ბარბარა ჰოტელში” შეხვდნენ ერთმანეთს და ხელი ხელს დაჰკრეს, ახლა ვადის დათქმაღა დაგვრჩაო.

მერე ჩარლი ბელასკოს თეატრში შეეყარა ჯეკს და ესტელას და ჯეკმა ჰკითხა, თარიღი ვეღარ დაადგინეო?

დიდ შერკინებას, თითქოს აღარაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ ჩარლი გვიამბობდა, ვგრძნობდიო, ვგრძნობდი, რომ ჯეკის „ჰო“-ს უკან „არა“ იდგაო.

არადა, ნელ-ნელა ხმაურიც წამოვიწყეთო, „ორმილიონიანი ჩხუბი!“ – წერდნენ გაზეთები.

ფიცსიმონსმა ოცი ათასის ჩეკი მისცა ჩარლის, რათა საქმე დაეწყოთ.

კვლავ ზარი

პატნემ ბილდინგში კი სწორედ ამ დროს აწკრიალდა ტელეფონი.

„ჩარლი გამარჯობა, ტექს რიკარდი ვარ. არ შეგიძლია, მედისონ სკვერთან გამოხვიდე და მნახო?“

ჩარლიმ ტაქსი გააჩერა და წავიდა.

ტექსმა კი უთხრა: „ჩარლი, შენ ვილსი გყავს. მაგარმ მე მყავს დემპსი. ჯეკი ჰარისთან არ იჩხუბებს, თუ ფლოიდი მე ორმოცდაათპროცენტიან წილში არ გამიყვანს. ჩვენ მეგობრები ვყოფილვართ ერთ დროს. მე ფული გაშოვნინე მაკი, მაკტიგის საქმეში. დააწექი ფლოიდს, თორემ საჩემპიონო ბრძოლა არ შედგება“.

ჩარლის მოეწონა საქმეში ტექსის ჩართვა. ის მსოფლიოს საუკეთესო პრომოუტერი გახლდათ და შეხვედრას სოლიდურობას შემატებდა. მან მიჩიგანში დაურეკა ფიცსიმონსს და ახალი ამბავი ამცნო. მეორე ყურმილი ტექსს ეკავა და საუბარს უსმენდა, თუმცა, ეს არ იყო საუბარი, ფლოიდმა ისეთი ლანძღვა-გინება ატეხა, რომ ჩარლის ოფლმა დაასხა, დედა, მამა, ყველა და ყველაფერი აგინა ტექსს, ასი წლის წინ და უკან. არავითარი რიკარდი, მაგის დედაც ისეო და ყურმილი დადო.

ტექსმაც დაკიდა ყურმილი და გაიცინა ისე, როგორც სჩვეოდა.

„ჩარლი“, – თქვა მან – „შენი ძმაბიჭი ბინძური კაცია, უთხარი, რომ ჯეკი არ იჩხუბებს“.

საჩუქარი

ახლა ძნელია წარმოიდგინო, რა მოხდებოდა, ორთაბრძოლა რომ შემდგარიყო. ჩარლი როუზი გვიამბობდა, რომ ფიცსიმონსი გაცეცხლდა, მე კი ჩემს საქმეებს მივყევი ხელი. რამდენიმე ჩხუბი გავმართე სხვადასხვა ქალაქებში, თუმცა დემპსი-ვილსის საქმიდან ვერანაირი მოგება ვერ ვნახეთო.

პედი მულინსმა ნიშნისმოგებით უთხრა ჩარლის, ფიცსთან გადაკიდება აქეთ ფული დაგვიჯდა და ის შეპირებული ორმოცდათხუთმეტი ათასი მაინც გამოართვიო. ფლოიდმა უსიტყვოდ გამოწერა ამ თანხის ჩეკი, ოღონდ პედის მაინც უგანა, ძველი მტრობის ამბავი ვერ დაივიწყა და ფული ჰარი ვილსის სახელზე გამოწერა.

ჩარლი გვიამბობდა, როგორ დაიჭირა ტაქსი და სენტ ნიკოლას სტრიტზე წავიდა, სადაც ვილსი და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. ორივემ ძალიან გაიხარა. ნეგრომ თქვა, მუშტი არ გამიქნევია და ფული კი შემხვდაო. მერე აღარ დაიშალა და ამ ფულიდან ორი ათასი ჩარლის მისცა.

მერე კი საქმე ასე წავიდა: 1926 წელს ვილსმა ჯეკ შარკისთან წააგო, მომდევნო გაზაფხულზე კი პრეტენდენტის რეიტინგი დაკარგა, რახან პაულინო უზკუდუნთან წაიქცა. 1929 წელს ჩარლი როუზი ვილსის მენეჯერი შეიქნა. პედი მულინსი გარდაიცვალა.

1925 წელს დემპსის არ უჩხუბია. 1926 წლის 23  სექტემბერს ფილადელფიაში ჯინ ტანიმ უნოკაუტოდ დაამარცხა დემპსი და ახალი ჩემპიონი შეიქნა.

ტექს რიკარდი კი ისე მოკვდა, რომ იმ ორმოცდათხუთმეტი ათასის ამბავი არც გაუგია, ჩხუბი არ გამოვიდა – მორჩა და გათავდა.

19.09.1998

წილი
წინა სტატიაგადაწყდა: სუპერკლასიკო მადრიდში გაიმართება
შემდეგი სტატიავინ დაესწრება სუპერკლასიკოს მადრიდში?
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.