მაგნუს კარლსენის საჭადრაკო მსოფლიოს სახურავიდან ჩამოსკუპების მორიგი მცდელობაც ჩაიფუშა – ამ ჯერზე იტალოამერიკელ ფაბიანო კარუანას ვერ ეყო რესურსი. ლონდონში დასრულებული საჩემპიონო მატჩის კლასიკური ნაწილი შემაშფოთებლად თანაბრად მიმდინარეობდა და ერთი მაინც შედეგიანი პარტიის გარეშე, 6:6 დარულდა. თქმა იმის, რომ მხარეები ბრძოლას არ ცდილობდნენ, უტაქტობა იქნება, რამდენიმე პარტიაში 60-70 სვლა გაკეთდა და პრეტენდენტი ზოჯგერ უფრო ახლოს იყოს პირველი მთელი ქულის აღებასთან, მაგრამ ჩემპიონმა თავის გატანა ყოველთვის მოახერხა.
ჭადრაკის აკადემიკოსები, ჟურნალისტები, მაყურებლები დასკვნითი, მე-12 პარტიის ბოლომ აღაშფოთა, სადაც კარლსენი საგრძნობ ინიციატივას ფლობდა და შესაძლებლობებით მდიდარ პოზიციაში თავად შესთავაზა ყაიმი მეტოქეს. გარი კასპაროვის და ვლადიმირ კრამნიკის ჩათვლით ვინ არ გამოთქვა კრიტიკული აზრი ამ გადაწყვეტილების საპირწონედ, ხოლო ყველა აკრედიტებულმა ჟურნალისტმა თავის მოვალებად ჩათვალა კარლსენისთვის ამ კითხვის უშუალოდ დასმა, პასუხად კი ყველამ ცალ-ცალკე მიიღო “არ მადარდებს”. მომხდარის ახსნა ბანალურია: ფრედ დამთავრებული კლასიკური ნაწილის შემდეგ სწრაფი ჭადრაკის 4 პარტია მოდიოდა, შემდეგ კი – ბლიცპარტიების სერია და ბოლოს კი ეგრეთ წოდებული არმაგედონი: თეთრებს 5 წუთი ეძლევათ, შავებს – 4, მაგრამ ყაიმი ამ უკანასკნელთა გამარჯვებას ნიშნავს. კარლენის კომპიუტერივით მომუშავე ტვინის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის და ხამს ვიფიქროთ, რომ ბოლო კლასიკურ პარტიაში, უპირატესობის მიუხედავად, ნორვეგიელმა წაგების მინიმალური რისკიც აირიდა თავიდან და ბრძოლა იქ გადაიტანა, სადაც თავს მეტოქეზე კომფორტულად გრძნობდა – სწრაფ ჭადრაკში.
და დატრიალდა ბორბალი: პირველივე სწრაფი პარტიის მიწურულს კარუანამ დასანანი შეცდომები დაუშვა და თეთრი დროშა გამოკიდა. მეორე პარტიაში პრეტენდენტს თეთრებით გარისკვა მართებდა და ასეც მოიქცა, გამსვლელი პაიკი შექმნა, მაგრამ როქის გაკეთება გამორჩა. კარლსენმა მეთოდურად ხოცა მეტოქის ფიგურები და მეორე პარტიაც რომ მოიგო, ცხადი გახდა: მისი გაჩემპიონება დროის ამბავი იყო. კარუანამ მესამე პარტიაში ტაქტიკა კი შეცვალა, ფიგურების გაცვლას მოერიდა და პარტია თეორიულად გაუტკეპნავი გზებით წარმართა, მაგრამ კარლსენი აქაც თავის სტიქიაში იყო და მეტოქის მორიგი შეცდომების ფონზე უკვე ოფიციალურად გაიფორმა მორიგი ორი წლით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
არც დასკვით პრესკონფერენციაზე მოაშორეს ჟურნალისტებმა მეთორმეტე პარტიის ყბადაღებული თემა მსოფლიო ჩემპიონს, აქაო და ამდენმა ავტორიტეტულმა ადამიანმა გაგაკრიტიკათო. კარლსენი წყნარი და ზრდილობიანი ტიპია, მაგრამ ხანდახან წამოუვლის და ინებეთ მისი საბოლოო პასუხიც: “ყველას აქვს უაზრო აზრის ქონის უფლება”