- ძლივს არ დავისვენეთ ამ ფეხბურთისგან?
- აი, ბითური. რა დროს დასვენებაა?
- აბა?
- რაღა აბა, „აბა“ არა, „ბონიემი“. დღეს საფრანგეთის პირველობა ხურდება.
- ვა?
- „ვა“ კი არა, იმ კვირაში პრემიერლიგა ხურდება და ასე შემდეგ. რაღა დავმალო და ჯორჯიან ჩემფიონშიფიც კი გაიხსნა.
- ეგ რა არის?
- აი, თამაშია, ფეხბურთივით.
- არ გამიგია.
- ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ქვეყანაში თამაშობენ, მაგრამ გავრცელებაც უნდათო.
- რასა ჰგავს?
- ფეხბურთს. ოღონდ მთლად ფეხბურთიც არ არის.
- რა ჰქვიათ, რას ამბობ?
- ჯორჯიან ფუტბოლი.
- არ გამიგია.
- აი, ხომ არის ამერიკენ ფუტბოლი?
- არის.
- ოსთრალიენ ფუტბოლი, აირიშ ფუტბოლი. ასევეა ეგ ჯორჯიან ფუტბოლიც.
- მაინც ვერ გავიგე, რაშია ამ თამაშის არსი?
- არაფერშიც არ არის. ფეხბურთისნაირად ითამაშება, წესებიც იგივე აქვს, მაგრამ მთლად ფეხბურთიც არ არის.
- აბა რა არის, პოლო?
- პოლო კი არა… იგივე ფეხბურთია, ოღონდ გოლის გატანა არ არის სავალდებულო.
- აბა?
- ეგრეა. გატანა არ არის სავალდებულო. გაშვებით კი, რამდენსაც გინდა, გაუშვებ.
- კი მაგრამ, თუ ორივე გუნდი ჯორჯიან ფუტბოლს თამაშობს, ერთ-ერთი ხომ გაიტანს?
- მერე?
- მერე ეგ, მაგ ჯორჯიან ფუტბოლის წესების დარღვევა არ გამოდის?
- ვერაფერი გაგიგია.
- თითქოს ფეხბურთი მესმის.
- ჯორჯიან ფუტბოლის მთავარი წესიც ის არის, რომ სულაც არ არის სავალდებულო, რომ მოპაექრე გუნდებიდან ორივე ჯორჯიან ფუტბოლის წესებით თამაშობდეს. ერთს შეუძლია ნაღდი წესებით შეუბეროს და მოიგოს.
- დიდი უაზრო თამაში ყოფილა.
- არა, რატომ? ვინც ჯორჯიან ფუტბოლის წესებით თამაშობს, მას საერთოდაც არ მიაჩნია თავი დამარცხებულად?
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჯორჯიან ფუტბოლის მთავარი აზრი თამაშის მოგება კი არა, წაგების გამართლებაა. თუ გუნდი კარგად გაიმართლებს თავს, ხალხის გულში მოგებულადაც კი ჩაითვლება.
- ვერაფერი გავიგე, შენ რა თქვი, ჯორჯიან ჩემფიონშიფიო?
- ოოო, ეგ ისეთი შეჯიბრია, რომელშიც მხოლოდ ჯორჯიან ფუტბოლის მიმდევრები მონაწილეობენ.
- გამარჯვებული როგორ ვლინდება?
- გამარჯვებული იმთავითვეა ცნობილი. მთავარია, თავი გაიმართლო.
- და გაზა?
- რა შუაშია გაზა?
- გაზამ იცის ჯორჯიან ფუტბოლის თამაში?
- კი. როგორ არა. ხანდახან თამაშობს ხოლმე.
- არ მეგონა.
- ეგ რა არის? ჯორჯიან ფუტბოლი ერთ-ორჯერ ყველას უთამაშია. რონალდოსაც, ბაჯოსაც, ქვეყნად არ არის ფეხბურთელი, ერთხელ მაინც რომ არ ეთამაშოს ჯორჯიან ფუტბოლი.
- მერე?
- მერე ყველა სიხარულით გააგრძელებდა მის თამაშს, ოფლი არ გამოგივა და საოპერაციო არ შეიქნები…
- და რატომ არ თამაშობენ?
- ჯორჯიან ფუტბოლს რომ თამაშობ, მწვრთნელები და მეპატრონეები ვერ გიგებენ და მოედანზე არ გიშვებენ. ეგეც არ იყოს და ფულსაც აღარავინ გიხდის.
- ესე იგი, არ ესმით ამ თამაშის არსი.
- ამ თამაშის არსი მხოლოდ ჯორჯიან ფუტბოლის გამომგონებლებს ესმით.
08.08.1998