გასულ კვირა დღეს დიდი ვნებათაღელვა იყო ინგლისური ჩემპიონშიფის ერთი გამორჩეული შეხვედრისას. „ასტონ ვილამ“ თანაქალაქელ „ბირმინგემს“ უმასპინძლა, ეს კი არასდროს არაა პატარა ამბავი, სატურნირო თვალსაზრისის მიუხედავად და, ასეთ დროს ისიც უმნიშვნელოა, თუ რომელ ლიგაში თამაშობენ ეს გუნდები.

41 200 მაურებელი ჰყავდა ამ მატჩს. დებიუტში დაწინაურებულ სტუმრებს, ვილაპარკელებმა დახვეწილად შემოუტრიალეს თამაში და თვალსასეირო რკენაში 4-2 იმარჯვეს. ამ ოთხიდან ერთი გოლი 23 წლის ჯეკ გრილიშმა გაიტანა, ვინაც თინეიჯერობიდან დიდ ტალანტად ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს სატრანსფერო ციებ-ცხელებისას ოც-ოცი მილიონით უტრიალეს „ტოტენჰემმა“ და „მანჩესტერმა“, მაინც „ასტონ ვილას“ ერთგული დარჩა. დარჩა და აგერ, გმირიც გახდა, რაკიღა დერბიში თავგამოჩენილთ ხელისგულზე ატარებენ ქალაქ ბირმინგემის აქეთ-იქეთა ბანაკში.

ნამატჩევს გრილიშმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვობის და მთელი ცხოვრების ოცნება ავისრულე-საყვარელი გუნდის მაისურით ამ თახსირებს გოლი გავუტანეო…

აქ კი დავტოვოთ გრილიში თავის ამაღლებულ შეგრძნებებთან და ვიდრე იმ ამბავს გავიხსენებდეთ, რვა წლის წინ რომ მოხდა და ერთობ არაორდინალური საქციელით დაიწყო, აუცილებლად ვთქვათ, რომ ბირმინგემული დერბი უძველესია ნოტიგემურის შემდეგ…

125 მატჩს მოიცავს ბირმინგემული დერბი და აქედან 55-ში „ასტონ ვილას“ უმარჯვია, 38-ში ბირმინგემს და 32-ფრედ დასრულებულა. რვა წლის წინანდელი ის დაპირისპირება კი, რომლის გახსენებაც გვსურს, 2010 წლის 1 დეკემბერს შედგა და ლიგის თასის მეოთხედფინალი გახლდათ. „ბირმინგემი“ საშინაო „სენტ ენდრიუსზე“ თამაშობდა და 2-1 იმარჯვა. მეორე ტაიმის დებიუტში კი, როცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერი იყო, მსაჯმა „ვილას“ აშკარა პენალტი არ დაუდო და აქედან დაიწყო ყველაფერი – მომხდარით განადგურებულმა „ასტონ ვილას“ მავანმა ფანმა, მარტინ ქროულმა არც მეტი, არც ნაკლები – ფალოსი ამოიღო და ღრიალით ბირმინგემელთა ტრიბუნებს მიუტრიალდა.

ბუნებრივია, ამას მასპინძელთა რეაქცია მოჰყვა და ტრიბუნა შეტაკების ადგილად იქცა. მოგვიანებით დაპირისპირება სტადიონის გარეთაც გაგრძელდა და „სენტ ენდრიუსის“ მიმდებარედ შეშლილთა ბრბომ ყველაფერი დალეწა. იყვნენ დაჭრილები – ათობით დაზარალებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს…

„საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი, უსამართლობის შეგრძნებამ ჭკუიდან გადამიყვანა. მინდოდა მსაჯს ჩავვარდნოდი და მეცემა, მაგრამ ამის უფლებას არავინ მომცემდა, ამიტომ პროტესტის ნიშნად მახინჯ ლურჯებს ჩემი პენისი მივუშვირე, ისინი ამას იმსახურებდნენ“, – უთხრა  ქროულმა მის დამპატიმრებელ კონსტებლს და დღემდე მხოლოდ იმას ნანობს, რომ საშინაო მატჩებზე დასწრების უფლება სამუდამოდ ჩამორთმეული აქვს…