იურგენ კლოპს „ლივერპულში” მუშაობის სამი წელიწადი შეუსრულდა და New Balance Football-თან ინტერვიუში განვლილ პერიოდს გადახედა. 51 წლის გერმანელს სთხოვეს გაეხსენებინა მისი მერსისაიდზე მუშაობის საუკეთესო მომენტი. საინტერესოა, რომ მან არც კი ახსენა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება, სადაც „წითლები” ფინალში გავიდნენ და მხოლოდ იქ დამარცხდნენ „რეალთან”.

ხსენებული სამი წლის განმავლობაში 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა კლოპმა 2016 წლის ინგლისის ლიგის თასისა და ევროლიგის ფინალებიც წააგო. მისი საუკეთესო მოგონება კი… მისავე ყოფილ გუნდთან, „დორტმუნდთან” გამარჯვება ყოფილა.

ეს 2016 წლის აპრილში, ევროლიგის მეოთხედფინალში მოხდა. პირველ შეხვედრაში გუნდებმა 1:1 ითამაშეს, „ენფილდზე” კი „დორტმუნდი” 2:0 დაწინაურდა, თუმცა „ლივერპულმა” მტკიცე ხასიათი გამოამჟღავნა და 4:3 მოიგო. გადამწყვეტი გოლი დეიან ლოვრენმა 91-ე წუთზე გაიტანა.

იურგენ კლოპი: „ჩემი საუკეთესო მომენტი „ენფილდ როუდზე” ის იყო, როდესაც დეიან ლოვრენმა „დორტმუნდის” კარში მეოთზე გოლი გაიტანა. გულწრფელად გეუბნებით, ეს იყო დიდებული წამი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. აგრეთვე ეს იყო საუკეთესო ატმოსფერო, რაც მე ლივერპულში მინახავს”.

შემდეგ კლოპს ჰკითხეს ყველაზე მეტად რა მოსწონს ლივერპულში.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია: საფეხბურთო კლუბი!” — უპასუხა გერმანელმა.