მეორე პოლინეზიურმა ნაკრებმაც ყურჩამოყრილმა დატოვა თბილისი. ნოემბრის საძაგელ ამინდში, გულისგამასიებელი წვრილი წვიმის თანხლებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამჯერად ტონგა დაამარცხა და წესით, მორიგ რეიტინგ-ლისტშიც უნდა გაუსწროს.

სამოასთან მიღებული საპირველტაიმო გაკვეთილი მილტონ ჰეიგმა ქართველებს, ეტყობა, წარმატებით აუხსნა და “მიხეილ მესხზე” ფეხმარდ ტონგელებს თანამოძმეებივით თავისუფლად ქრიალის საშუალება არ მიეცათ. სხვა გზა არ იყო და ჯარიმებით ფონს გასვლა სცადეს, მაგრამ რაგბში თამაშს ხომ უფრო ლელო იგებს და ჩვენებმაც ტრადიციული, მამაპაპური ხერხით, სპორტული სიშლეგით და ჯიქურობით აჯობეს მეტოქეს. უკვე პირველმა ლელომ თამაშის მოგების ილუზია შეუქმნა ქართველ ქომაგებს (რომელთაგან ვაკეში დღეს მხოლოდ ყველაზე თავდადებულნი მივიდნენ – ტრიბუნებზე სიცარიელე ჭარბობდა). მეორე ტაიმში სინბინები შემოგვეჩვია, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთი დიდი ღირსებაც ხომ ეს არის – რაც მეტად გაუჭირდება, უფრო ჯიქდება. სანაკრებო სეზონის ბოლო წუთზე დადებული ლელო და კომფორტული 20:9 სწორედ სასიამოვნო სანახავი გახლდათ და იტალიასთან მწარედ დაწყებული ტონგასთან ტკბილად დამთავრდა.

წელს მთავარი შანსი მაღლა ასვლისა დაგვეკარგა, მაგრამ სათასო, 2019 წელი მოდის და მორიგი დიდი სიტყვის თქმის სარბიელი იქ გველის.

წილი
წინა სტატიატოჩიმ ბეწვის ხიდზე გაიარა
შემდეგი სტატიაბაიერნი გასაჭირშია
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია