გერმანული გამოცემა „შპიგელი” „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ორჯერ დაარღვია ანტიდოპინგის წესები. ერთი თამაში, რომელმაც ეჭვი გამოიწვია გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი „იუვენტუსთან” (4:1), ხოლო მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „მალაგასთან” (2:1).

„იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ რამოსის შარდში დექსამეტაზონი აღმოუჩენიათ. ამ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ის ჩვეულებრივ წამლებშია, მაგრამ მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაცია მის მიღებას კრძალავს, რადგან ყურადღების კონცენტრაციას და ეიფორიასაც იწვევს.

საინტერესოა, რომ „შპორტ ბილდის” ცნობით დექსამეტაზონის მიღება თამაშის წინ შეიძლება, ოღონდ ამის შესახებ ექიმმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს.

უცნაური რამ გამოდის: დექსამეტაზონი თან აკრძალული ნივთიერებაა და თან, თუ ექიმმა განაცხადა — ნებადართულია.

„რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის წინ, როგორც ხვდებით „რეალის” ექიმს არ განუცხადებია, რომ რამოსს წამალი დაალევინა. შემდეგ, მან თქვა, რომ კაპიტანს ქრონიკული ჩივილები ჰქონდა, მას კი უბრალოდ დაავიწყდა განცხადების დაწერა.

ეს შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ შეიძლება ექიმი განტევების ვაცის როლში გამოდიოდეს.

ასეა თუ ისე, უეფამ მადრიდელთა ახსნა-განმარტება მიიღო და ძიება აღარ გააგრძელა.

„მალაგას” შემთხვევაში კი რამოსი თამაშის შემდეგ პირდაპირ ანტიდოპინგის ოთახში უნდა შესულიყო, მან კი ჯერ შხაპი მიიღო. ანტიდოპინგის ინსპექტორი აცხადებს, გაფრთხილებული მყავდაო. თურმე, შხაპის მიღებამ შესაძლოა ანალიზის შედეგები შეცვალოს.

კაცმა რომ თქვას საეჭვოა „რეალის” ფეხბურთელებს „მალაგასთან” (ბოლო ადგილზე გავიდა და გავარდა) თუნდაც სტუმრად დოპინგი სჭირდებოდეთ (იმ დღეს მადრიდელები 2:0-ს იგებდნენ და მასპინძლებმა მხოლოდ თამაშის მიწურულს გაუტანეს ერთი), მაგრამ წესი წესია და თუ გეუბნებიან, რომ შხაპი არ უნდა მიიღო, ესე იგი არ უნდა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა არც ამ ეპიზოდზე გაამახვილეს ყურადღება. არადა, რომ გაემახვილებინათ და დანაშაული დაემტკიცებინათ, კლუბი 300 000 ევროთი უნდა დაეჯარიმებინათ, შეჯიბრებიდან მოეხსნათ ან ქვედა ლიგაში გაეგდოთ, ექიმი და სერხიო რამოსი კი ოთხი წლლიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯათ.