ოსაკას „დიდი სლემი“ განსაკუთრებული მოვლენაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძიუდოს სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პატივია და სხვაგვარი ლაზათი ახლავს. იმიტომაც, რომ იაპონელებმა მასპინძლის კვოტა სრულად აითვისეს და თითოეულ წონაში ოთხი ფალავანი გამოიყვანეს. შესაბამისად, ნახევარფინალამდე ისე მისვლა, რომ მასპინძელს არ გადაეყარო, თითქმის გამორიცხულია. მიდი და დაუმტკიცე, რა ბიჭიც ხარ.
ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) დღეს ტატამზე გასული საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო. ბოლო ტურნირებზე ტრიუმფის შემდეგ მისი აქაც გვეიმედებოდა. ვაჟამ ჯერ პერუელი ხუან პოსტიგოსი დააიპონა, მერე კი ამერიკელ ალლა ელ იდრისს ვაზარი აკმარა. ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მარგველაშვილი მასპინძელ ტოროში ფუჯისაკას გადაეყარა და ვერას გახდა. რეპეშაჟში რუს ისლამ ხამეტოვთან ჩვენიანს ჯერ მისცეს ვაზარი, მერე კი გაუუქმეს. შედეგად ვაჟა ცოტა ანერვიულდა და იპონი გაეპარა.
60 კილოგრამამდე კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვყოლია, თუმცა ვერცხლი იაგო აბულაძემ მოიგო, რომელსაც რუსეთის გზას გაუყენებს.
შაბათს ოსაკას ტატამზე სამი ქართველი გავა: ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე -81 კგ.).
ველოდებით ნამდვილ ქართულ მედლებს.





