მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ.

დროზე წასვლა – აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26 წლისაა და ერთ დროს ათეულის მუდმივი წევრი იყო. ტყუილად ჩოგნის ცემას მან წასვლა არჩია და ცრემლიანი ღიმილით გამოგვემშვიდობა. ასეა – მისი თამაში აღარ იყო თამაში და მხოლოდ ზღაპრული თვალების და მაღალი ფეხების გამო ეს გოგო არ დარჩებოდა. როდემდე უნდა გვეყურებინა და გვეძახა, აუ, რა მაგარი ქალია და როგორ გაფუჭდა?

ადგა და წავიდა.

დროზე გავარდნა – ზოგჯერ, თურმე ესეც სასარგებლოა. თუ სამშაბათს, ნაშუაღამევს ,რომელიმე დინამოელმა რაიუნოს არხს უმზირა, ამაში ნამდვილად დარწმუნდებოდა. დედა, რა დღეში ჩავარდა ჩვენი კარგი „ბოავიშტა“?! ბიჭები ნამდვილად გამხიარულდებოდნენ, რა იხილავდნენ, რომ თუ შენ მოუგებ ვინმეს, შეიძლება შენც გაგანადგურონ. ჩვენებს რომ „ბოავიშტასთან” არ წაეგოთ, ასე ხომ ვერ ვიმხიარულებდით „სან-სიროზე“ მომხდარი ამბის ხილვისას. ისე, იმ ოხერმა ჯიმიმ ერთი მაინც შეაგდო. არამყარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რომ კერძო ქართულ საფეხბურთო თვისებად ვნათლავთ, სულ ტყუილი ყოფილა. ოპორტოელ მეკარეს სახეზე „ინტერის“ მაისურების ფერი ედო და რა ბურთიც კი კარისკენ გააგორეს, ყველა გაუშვა.

ამიტომ, ერთი დარდიან-სევდიანი მხიარულება ჩვნც შეგვხვდა.

დროზე ალაგმვა – ეს მთლად საჭირო რამ არის. „სპორტ-რეზონანსის“ საკრივო მწერალმა ალბერტ ხაჩატურიშვილმა ცხოვრებაში ერთადერთხელ მომიგო ნიძლავი და ისიც ევანდერ ჰოლიფილდის წყალობით, მომიგო ერთი ბოთლი ლუდი და ჩემს გაღადავებაში აავსო გაზეთის გვერდი, მომიგო ბოთლი და დავალევინე შვიდი კათხა. კარგი ბიჭია, ოღონდ ტრაბახი უყვარს, ალბათ, ამიტომაც დაწერა, მესვეტეს „გროლშის“ ლუდხანა მოვუგეო.

ახლა ღიად ვუცხადებ, რომ ვენიძლავები – თუ ოღრაშმა დონ კინგმა ინება დიდი ჩხუბები, მაიკ ტაისონი წელიწადნახევარში გახდება სამი დიდი ვერსიის ჩემპიონი.

ტრაბახი და დაცინვა დროზე უნდა აილაგმოს, თორემ ხაჩატურიშვილი ჩემი კეთილი გულის წყალობით დავპატიჟე „გროლშში“, რათა ჰოლიფილდის გამარჯვებით გახარებულისათვის მეამებინა, მან კი ეს მოგებულ ნიძლავად ჩათვალა და გაზეთში გამოწერა. თურმე ერთი ქილა „ასტიკა“ ან ბოთლი „სლავური“ უნდა მეყიდა მისთვის და ალაგმვაც საჭირო არ იქნებოდა.

დროზე დაბრუნება – ესეც მეტად საინტერესო რამ არის, რადგან გასულ კვირაში კიდევ ერთხელ ვნახე მაიკლ ჯორდანის თამაში. და საერთოდაც, ასეთი ხალხი ალბათ იმიტომ მიდის სპორტიდან, რათა შემდეგ უფრო ხმაურიანად დაბრუნდნენ.

როგორც ჩანს, იგივეს აპირებს ერთ დროს დიადი მოკრივე შუგარ ლეონარდი. თუმცა, მოკრივეთა დაბრუნება ცოტა სხვა რამ არის ხოლმე. და აქ დიდ რაღაცეებს იშვიათად უნდა ველოდეთ.

მოკლედ, დროზე ყველაფერი კარგია, წასვლაც, მოსვლაც, გადადგომაც, გადმოდგომაც და სადილ-ვახშამიც.

ოღონდ ეგ არის, რომ ჩვენ ვეღარა ვართ ჩვენს დროზე ბედი ჩვენი, რომ საფეხბურთო სეზონი მთავრდება, თორემ გაზაფხულამდე თბილისელი გულშემატკივრები ვეღარ გაატანდნენ – ღამისთევა მოუღებდათ ბოლოს.

ყარაჩის დროზე დგომით ქვეყანა კი იგებს, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივარი ილევა და დნება.

ამ ზამთარს ასეა, თუკი საერთაშორისო ფეხბურთის ყურება გინდა, ღამე ძილი არ გიწერია, დილის ხუთ საათამდე ტელევიზორთან გიწევს ჯდომა. და მეორე დღეს კარგად ნაქეიფარი კაცივით ხარ.

დროზე, დროზე…

ეგებ როგორმე გავიგოთ, რომ ყველაფერი დროზეა კარგი.

ასე ვთქვათ, დროული.

23.11.1996.

წილი
წინა სტატიაარ ვიცნობ, მაგრამ მადლობელი ვარ
შემდეგი სტატიატოჩინოშინი სასწორზე
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.