პეპ გვარდიოლა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის გახლავთ ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონი, „ბარსელონას” თავკაცობის წლებში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოც აღუმართავს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და კიდევ დარჩენია ერთი დიდი ოცნება.

„მინდა ნაკრებ გუნდს ჩავუდგე სათავეში და ვიცი, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, — თქვა გვარდიოლამ ლივერპულის უნივერსიტეტში შეხვედრის დროს და შემდეგ ღიმილით დასძინა, — ნაკრების მწვრთნელი რომ გავხდები გოლფის სათამაშოდ მეტი დრო დამრჩება”.

ცნობილია, რომ „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილი და „მანჩესტერ სიტის” მოქმედი თავკაცი გოლფის დიდი მოყვარულია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებით დამძიმებული პრემიერლიგის კალენდარი თავისუფალ წუთს არ უტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელი სანაკრებო ფეხბურთზე ოცნებობს, „სიტის” გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან მას „ქალაქელებთან” 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი. გარდა ამისა, გვარდიოლას მიაჩნია, რომ მანჩესტერში თავისი მისია ჯერ არ შეუსრულებია — არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა, რომელიც „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში 2009 და 2011 წლებში აქვს მოგებული.

ჩემპიონთა ლიგა გვარდიოლამ სამი ცდიდან ვერც „ბაიერნს” მოაგებინა.