კარგი ამბავი ჰოლანდიიდან: რვა ტურია კახი ჟორდანიას „დენ ბოსხს“ ქულაც არ დაუკარგავს.
შედეგი? „დენ ბოსხი“ ერსტე დივიზიონში მეორე ადგილამდე აღზევდა და ლიდერ „იგლზს“ სულ ქულით ჩამორჩება. მე-15 ტურის მატჩს ჩვენიანი პრეზიდენტის გუნდი გიორგობას, შინ „კამბურთან“ ითამაშებს და მოსალოდნელია, რომ ზედიზედ (ხეზე სამჯერ ვაკაკუნებთ) მეცხრე გამარჯვებასაც მიითვლის.
„დენ ბოსხის“ მოგებათა სერია 28 სექტემბერს ახალგაზრდული ალკმაარის 3:1 ძლევით დაიწყო. იქიდან მოყოლებული კი გუნდმა 18 გოლი გაიტანა და სულ 4 გოლი მიიღო. შთამბეჭდავი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ კახი ჟორდანიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟმა, ჰოლანდიური კლუბი ზაფხულში ჩაიბარა და სანუკვარი მიზნისკენ აღმასვლაც მაშინ დაიწყო – „დენ ბოსხს“ ხომ ჰოლანდიურ გრანდებთან ერედივიზიონში 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ აღარ უთამაშია.