დანიელი ნიკლას ბენდტნერი, რომელმაც განაჩენი ვეღარ გაასაჩივრა და ახლა 50 დღით ციხეში მოუწევს ჩაჯდომა, ყველაზე მეტად „არსენალში” თამაშით იყო ცნობილი. ლონდონის კლუბიდან ის გაქირავებული იყო „ბირმინგემ სიტიში”, „სანდერლენდში”, თვით „იუვენტუსშიც” კი, შემდეგ თამაშობდა „ვოლფსბურგსა” და „ნოტინგემ ფორესტში”, ახლა „რუსენბორგშია”; დანიის ნაკრებში 81 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი. და უცბათ ციხე.

მიზეზი: 30 წლის თავდამსხმელმა 9 სექტემბერს კოპენჰაგენში ტაქსის მძღოლი ცემა, თან ძლიერ. მძღოლმა პოლიციაში იჩივლა, ბენდტნერი სექტემბერშივე დააკავეს, ნოემბრის დასაწყისში კი შედგა სასამართლო, რომელმაც ფეხბურთელს 50 დღიანი პატიმრობა, 200 ევროს გადახდა და დამატებით ტაქსისთვის 1100 ევროს კომპენსირება დააკისრა. კოპენჰაგენის სახელმწიფო ბრალმდებელმა „ტვიტერზე” დაწერა, რომ განაჩენი საბოლოო იყო და აპელაციას არ ექვემდებარებოდა.

რამ გადარია ბენდტნერი ძნელი სათქმელია. მან სადღაც მოულხინა, მერე ტაქსი გააჩერა და… მძღოლს დაახლოებით 5 ევროს გადახდაზე უთხრა უარი. კაცმა, რომელიც „არსენალში” წლობით კვირაში 50 ათას გირვანქას იღებდა, მძღოლს ყბა გაუტეხა და რაც მთავარია ყველაფერს ტაქსის ვიდეოკამერა იღებდა.

კონფლიქტის მიზეზი მარშრუტი გამოდგა. მძღოლს ის გზა არ აურჩევია, რომელიც თურმე ბენდტნერს სწორად მიაჩნდა.

საინტერესოა, რომ 390 ევროთი დააჯარიმეს მძღოლიც. საქმის გარჩევისას გაირკვა, რომ მან მოძრაობის დროს მობილურით დარეკა და არც უსაფრთხოების ღვედი ჰკეთებია.