66 წლის ული ჰიონესმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში „ბაიერნის” პრეზიდენტისა და სადამკვირვებლო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგება, ოღონდ დასძინა — რომ ვიცოდე იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ჩემს შეცვლას შეძლებს, გაისადვე წავიდოდიო.

ჰიონესი ვალდებულია 2019 წლის ბოლოსთვის გადაწყვიტოს რას აპირებს. გაისად ამ დროს „ბაიერნს” ყოველწლიური კონგრესის გარდა არჩევნებიც უწევს და ის ან თავად უნდა დარჩეს თანამდებობაზე ან ახალმა პრეზიდენტმა უნდა მართოს „რეკორდმაისტერი” შემდეგი სამი წლის განმავლობაში. და რა არის გასაკვირი, რომ გემანულ პრესაში უკვე დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ აშკარა ფავორიტის ვინაობა უკვე ცნობილია. ეს გახლავთ ლეგენდარული მეკარე, 49 წლის ოლივერ კანი.

კლუბის მომავალი ხელმძღვანელების შერჩევა ზემოხსენებულ სადამკვირვებლო საბჭოსაც ევალება. ეს საბჭო ბოლოს აგვისტოში შეიკრიბა, ახლა კი 30 ნოემბერს უწევს შემდეგი თათბირი — წლევანდელი კონგრესის წინ.

კანი სადამკვირვებლო საბჭოში ჰიონესის ნდობით აღჭურვილი პირია.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ ჰიონესი და კანი მჭიდროდ მას მერე თანამშრომლობენ, რაც 2008 წელს მეკარემ მოთამაშის კარიერა დაასრულა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ისინი დროგამოშვებით მიუნხენის რესტორან Käfer-ის ეგრეთწოდებულ კუპეში ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს და საუბრობენ, თუმცა რაზე, არავინ იცის.

და რაკი ეს ამბავი ჩვენთვისაც კი ცნობილი გახდა, ცხადია მის შესახებ „ბაიერნის” სხვა თანამდებობის პირებმაც იციან.