ბრაზილიისა და კამერუნის ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა, ხოლო საფრანგეთისა და ურუგვაის მატჩში კილიან მბაპე. სხვა სიტყვებით, „პარი სენ ჟერმენს” ერთბაშად ორი მთავარი თავდამსხმელი გაუხდა საექიმო და ეს ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” თამაშამდე ერთი კვირით ადრე. მეორე მხრივ, თუ ტრავმები სერიოზული არ არის, მათ დასაამებლად ერთი კვირა საკმარისი დროა.

ბრაზილიამ კამერუნს, ხოლო საფრანგეთმა ურუგვაის ერთნაირი ანგარიშით მოუგეს — 1:0. ნეიმარს კი არ გაუმართლა, მე-6 წუთზევე დაშავდა და ტიტემ ის რიჩარდსონით შეცვალა. ყოფილ ბარსელონელს ბარძაყი დაუზიანდა. შეხვედრა ნეიტრალურ სარბიელზე, ინგლისში, მილტონ კეინსში გაიმართა. ხოლო პარიზში, „სენ დენიზე”, მბაპემ მხარი იტკინა და დიდიე დეშამი იძულებული იყო ის 36-ე წუთზე ფლორიან ტაუვინით შეეცვალა.

მოგეხსენებათ, ნეიმარს სიმულიანტის სახელი აქვს გავარდნილი და სტადიონზე შეკრებილმა ფანებმა მისი ტრავმის დანახვაზე ხარხარი და ღრიანცელი მოაწყვეს.

ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა თქვა: „ნეიმარმა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო. ტრავმის ხარისხის შესაფასებლად მეტი დრო და გაშუქებაა საჭირო, თუმცა პრინციპში სერიოზული არაფერი უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 6 ქულით „ლივერპული” და „ნაპოლი” ლიდერობენ, „პარი სენ ჟერმენს” 5 ქულა აქვს, ხოლო „ცრვენა ზვეზდას” 4.

28 ნოემბერს „პარი სენ ჟერმენი” „ლივერპულს” მასპინძლობს, ხოლო „ნაპოლი” „ცრვენა ზვეზდას”.