„მირორი” წერს, რომ „ლივერპულს” და „ბარსელონას” გარიგება აქვთ. წინაისტორია ასეთია: გასულ იანვარს მერსისაიდელებმა კატალონიელებს 142 მილიონ გირვანქად ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდეს. თავდამსხმელს „კამპ ნოუზე” გადასვლა კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კატეგორიული უარი განაცხადა და როდესაც ნაახალწლევს ტრანსფერი მაინც შედგა, Cadena Ser-ისა და AS-ის ინფორმაციით „წითლებმა” „ბარსელონას” პირობა დაადებინეს, რომ კოუტინიუს შეძენიდან სამი წლის განმავლობაში „ლივერპულის” ფეხბურთელებს აღარ გაეკარებოდა.

დასახელებული წყაროების ცნობით, ეს პირობა კლუბებს ოფიციალურად აქვთ გაფორმებული. შეთანხმებას ვადა 2021 წელს გაუდის, ოღონდ, ბუნებრივია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს თუ „ლივერპულს” მოთამაშის გაყიდვა არ უნდა.

რაც შეეხება კოუტინიუს, „ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ ის სტაბილური არ არის. გასული სეზონის მეორე ნახევარში ბრაზილიელი კარგად ვერ თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კი უკვე ხუთი გოლი შეაგდო. მიმომხილველები ამბობენ, რომ ანდრეს ინიესტას „ბლაუგრანადან” წასვლის შემდეგ მის დატოვებულ სივრცეს სწორედ ყოფილი ლივერპულელი ავსებს წარმატებით.

ნოემბრის დასაწყისში, „ინტერთან” შეხვედრაში, კოუტინიუმ ორთავა კუნთი დაიზიანა, მაგრამ ახლა ვარჯიშობს და შაბათს „ატლეტიკოსთან” შეხვედრისთვის სავარაუდოდ მზად იქნება.