ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ვიღაც დაწინაურდა, ვიღაც დაქვეითდა, უეფამ კი ქულები და გოლები მისხალ-მისხალ დათვალა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ ყველა ნაკრები შესაბამის კალათებში განთესა.
საქართველოს ნაკრებმა წარმატებული გამოსვლით, შეიძლება ითქვას, ბოლო ვაგონს მიუსწრო და მეოთხე კალათში განითესა.
ზოგადად კალათები ასე გამოიყურება:
1 კალათა: შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი.
2 კალათა: გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი.
3 კალათა: სლოვაკეთი, თურეთი, ირლანდია, ჩრდ.ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი.
4 კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, ჩერნოგორია, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო.
5 კალათა: მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები.
6 კალათა: ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2 დეკემბერს გაიმართება. შედგება 10 ჯგუფი 5 ან 6 გუნდით და თითოეული ჯგუფის ორი გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება ფინალურ ეტაპზე.
კიდევ ოთხ ფინალისტს ერთა ლიგის ოთხი ფლეი ოფი გაარკვევს. შეამჩნევდით, 2020 წლის ფლეი ოფში ჩვენი სამივე მეტოქე (ბელარუსი, კოსოვო, მაკედონია) რანგით დაბლაა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას თავად უეფას რეიტინგი გვავალდებულებს.
შესაძლოა, კალათებში გუნდების გადანაწილება მთლად სამართლიანი არ გეჩვენოთ, მაგრამ იგივე გერმანელებმა საკუთარ თავს დააბრალონ – უეფამ რეიტინგის დათვლის ახალი სისტემა ახალი ტურნირის პოპულარიზაციის მიზნით შემოიღო.
დაველოდოთ წილისყრას. მადა ჭამაში მოდისო და საქართველომ, ეგებ ფინალური ეტაპისთვის ამ ფორმატშიც იბრძოლოს. ცოტა გამართლება და პირველი სამი კალათიდან, ვთქვათ, საფრანგეთი-გერმანია-ირლანდიის ნაცვლად რაღაც პოლონეთი-ისლანდია-ისრაელის მაგვარი რომ ერგოს საქართველოს, ურიგო არ იქნება.
ოცნებას კაცი ისედაც არასოდეს მოუკლავს და მოგებების იშტაზე მოსულ ჩვენს ბიჭებს რომ ვუყურებ, უფრო მეოცნებება.