ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: ერთა ლიგა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის. ამ ახალმა ტურნირმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ჩვენს ეროვნულ გუნდს.

ყაზახეთთან გუშინდელი გამარჯვება კი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა, „ჯვაროსნებმა“ არა მარტო ჯგუფში, არამედ მთლიანად D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, პლეი ოფშიც გავიდნენ და ნახევარფინალის თბილისში გამართვის უფლებაც მოიპოვეს.

სლოვაკი ვლადიმირ ვაისი კი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა ქართველთა მთავარი გუნდის ისტორიაში. აქამდე მხოლოდ მალტის ტურნირი მოგვეგო. 1998-ში, როცა მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი იყო, მაგრამ ის უეფას ოფიციალური შეჯიბრი არ გახლდათ. ახლა კი სხვა საქმეა.

კარგა ხანია ასეთი აჟიოტაჟი აღარ მინახავს „დინამო არენაზე.“ სტადიონთან ძლივს მივედი, იმდენი ხალხი იყო. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ დიდი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, მომავალი საქართველოს მშენებლები, რომლებიც იმედით და წრფელი გულით მიდიოდნენ საყვარელი გუნდის საქომაგოდ, თუმც არ მგონია, სხვა სანაკრებო ვითრებას ასეთი აჟიოტაჟი გამოეწვია.

ერთია კიდევ, სტადიონის მისადგომებთან ტრადიციულად, გადამყიდვბელებიც ფუსფუსებდნენ, რამაც ტრიბუნაზე თავისუფალი ადგილები დატოვა.

იგივე ემოცია დამეუფლა ტრიბუნაზეც. რაღაც სხვაგვარად დამუხტული და მომართული მეჩვენა ჩვენი სტადიონის ვეება ჯამი. ჩასტვინა თუ არა მსაჯმა, ისეთი ყიჟინა ატყდა, ხმაურისაგან კინაღამ ყურებზე ხელები ავიფარე.

სიახლე იყო ისიც, რომ სკამებზე საგანგებოდ მომზადებული თეთრ-წითელი ქაღალდები დაგვხვდა, რომელიც ჰიმნის შესრულების დროს აღმართა მაყურებელმა. ჩინებული სანახავი იყო. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი ამ ქაღალდებისგან ქომაგებმა „თვითმფრინავები“ გააკეთეს და წავიდა „საავიაციო შტურმი“ მოედნისკენ. ასეთ რამეს მარტო საქართველოში თუ მოიფიქრებენ. სხვაგან, მსგავსი რამ არსად და არასოდეს მინახავს.

გიორგი ჩაკვეტაძემ გაგვაწამაო – თქვა მერე ყაზახთა ბულგარელმა დამრიგებელმა, სტანიმირ სტოილოვმა. მართლაც, 19 წლის ყმაწვილის თამაში აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია.

ამჯერადაც ის გამოდგა მთავარი ფიგურა. ჯერ მერებაშვილს გაატანინა, შემდეგ კი თავად შეაგდო ულამაზესი გოლი, რომელიც ძალიან ჰგავდა ყაზახეთში მის მიერვე გატანილს.

აღფრთოვანებული შეძახილებიც: გიო, გიო! სალბუნად მოედო გულს. ასე, თავის დროზე, გიო ქინქლაძეს მიაგებდნენ ხოლმე პატივს გულშემატკივრები.

ჩაკვეტაძე ისეთ მოთამაშედ ყალიბდება, ვისი გულისთვისაც დადის ხოლმე მაყურებელი სტადიონზე. გუშინაც ერთი-ორი ისეთები ჩაატარა, გადარია სიხარულისგან ხალხი.

მაგრამ მატჩის შემდეგ ვაისმა თქვა: გიორგი მსოფლიო დონის ტალანტია, მაგრამ არ მინდა მასზე ცუდი გავლენა მოვახდინოთ, ასეთი აჟიოტაჟი არ არის საჭიროო…

სხვებსაც ნუ დავუკაგავთ მონდომებას. მართლაც ჯიგრით ითამაშეს, იომეს და გაიმარჯვეს. ესეც რომ არ იყოს, გუნდს აშკარად დაეტყო მწვრთნელის ხელი. ორშაბათ საღამოს ქართველებმა მწყობრი, დალაგებული, თანამეროვე ფეხბურთი ითმაშეს და ახლა ეს მონაპოვრი ჩვევაში უნდა გადაიზარდოს, მაშინ სტაბილურობაც მოვა და უფრო დიდი გამარჯვებებიც.