საამსეზონო მისია შესრულებულია – საქართველოს ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაათამაშა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და საგრძნობლად დაიახლოვა სრულიად ეროვნული მიზანი – მთავარ ევროფორუმზე მოხვედრა.

ევროპის ჩემპიონატი ასე ახლოს არასდროს ყოფილა ქართველთათვის, მართლაც რომ ორ ნაბიჯშია, ღონივრად გადასადგმელ ორ ნაბიჯში… ყველაფერი დასრულდა ისე როგორც დაიწყო -ჩაკვეტაძის გოლით… სწორედ ქართული ფეხბურთის ახალმა თვალისმომჭრელმა ბრილიანტმა შეაგდო საერთალიგო ისტორიული პირველი გოლი და მანვე დახურა ქართველთა ჯგუფური მონაგარი.

ჩაკვეტაძე უდავოდ ქარიზმატული ლიდერია, მიუხედავად ასაკისა და გამოუცდელობისა. რასაც ის მოედანზე აკეთებს, სანახაობაა, სწორედ ის, „გენეტიკურად საფეხბურთო” სანახაობა, რასაც თანამედროვე სწორხაზოვანი ქართული ფეხბურთი აქამდე მოკლებული იყო.