„ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის ოსმან დემბელეს შესახებ ბოლო დროს რამდენჯერმე მოგახსენეთ. მიზეზი: 21 წლის ფეხბურთელმა თავისი დაგვიანებებითა და უდისციპლინობით კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები შეაწუხა.

ერთი ხნის წინ მსოფლიოს მოედო ამბავი, რომ დემბელე ავად გახდა, ენტეროვირუსი სჭირდა და ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ სანამ ავადმყოფობის ამბავს შეიტყობდნენ, ბარსელონელები მას ვერაფრით უკავშირდებოდნენ. ახლა, ორიოდ კვირა რომ გავიდა, ამ ამბის მეტი დეტალი გახდა ცნობილი, რაც დემბელეს პიროვნებას უფრო სრულფასოვნად წარმოგვიდგენს.

ადრეც მოგახსენეთ, რომ იმ დილით დემბელე ვარჯიშზე (რომელიც 11 საათზე იყო დანიშნული) არ მივიდა. არადა, წესით საწვრთნელ ცენტრში ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადებულიყო. „ბლაუგრანას” წარმომადგენლებმა მის მობილურზე რეკეს, მაგრამ ფრანგს აპარატი გამორთული ჰქონდა. საბოლოოდ, დაახლოებით თორმეტის ნახევრისთვის დემბელე კლუბს დაუკავშირდა, თქვა, რომ მუცელი სტკივა და ექიმების შინ გამოძახება სთხოვა.

როგორც აქამდე წერდნენ, ამის შემდეგ ექიმები დემბელესთან მივიდნენ და მისი ავადმყოფობა დაასასტურეს. სინამდვილეში კი საქმე ცოტა სხვანაირად ყოფილა: კლუბის ექიმს რომელიც დემბელესთან მივიდა ყველა ფანჯარაზე ფარდა დახვდა ჩამოფარებული. მან ზარის რეკვა დაიწყო და კარგა ხნის ლოდინის შემდეგ ფეხბურთელის მავანმა ახალგაღვიძებულმა მეგობარმა კარი თვალების ფშვნეტით გაუღო.

სანამ უშუალოდ დემბელემდე მიაღწევდა, ექიმმა სახლში სხვადასხვა ადილას მიყრილი და მძინარე არაერთი ახალგაზრდა დაინახა. ესენი იყვნენ ფეხბურთელის უბნელები, რომლებიც მან საფრანგეთიდან წამოიყვანა და ბარსელონაში თავისთვან აცხოვრებს. როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, ფორვარდს ამ წრის მიღმა თავისი ცხოვრება ფაქტობრივად არ აქვს.

ასეთი ცხოვრების წესი ცხადია დემბელეს თამაშზეც აისახება. მისი აგენტები შეშფოთებულები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ფრანგმა საქმისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, თორემ პროფესიული ფეხბურთის დიდ ასპარეზზე გასვლა გაუჭირდება.

წილი
წინა სტატიადიდი მთხოვნელები და ერთგულება
შემდეგი სტატიააჩუ-აჩუ ცხენო
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...