დენიელ სტარიჯის ახლო ნათესავი 10 000 გირვანქიან ფსონს ჩავიდა, რომ ფეხბურთელი „ლივერპულს” დატოვებდა და „ინტერში” გადავიდოდა. ეს ამბავი წლეულს, 17 იანვარს მოხდა, როდესაც სტარიჯის სატრანსფერო მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არანაირი ცნობა არ არსებობდა. ფეხბურთელი მართლა „ინტერში” რომ გადასულიყო, კუზენი (ბიძაშვილი, მამიდაშვილი ან დეიდაშვილი) 27 000 გირვანქას მოიგებდა.
დღეს ეს ეგრეთწოდებული ოჯახური ნიძლავი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში წამოწყებული გამოძიების მიზეზი გახდა. ლივერპულელმა, რომელიც საბოლოოდ იჯარით „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გაუშვეს და კვირაში 100 000 გირვანქას უხდიან, როგორც ჩანს კანონი დაარღვია. „ინტერთან” მართლა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ ჩაიშალა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამან სტარიჯის სანათესაოში განხეთქილება გამოიწვია. კონფლიქტი ისე გაღვივდა, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილმა სადაც ჯერ არს ქვითარი წარადგინა— აი, მე Paddy Power-ში ფსონს ჯერ კიდევ როდის ჩავედიო.
როგორც ირკვევა, როდესაც იტალიურ „კორიერე დელო სპორტში” სტარიჯისა და „ინტერის” მოლაპარაკებების შესახებ პირველი ინფორმაცია გამოქვეყნდა, ფეხბურთელის ნათესავს ფული უკვე დადებული ჰქონდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მილანური კლუბი თავდამსხმელის იჯარით აყვანასა და გამოსყიდვის პირველი უფლების ქონაზე იყო თანახმა.
საინტერესოა, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა ზემოთ ხსენებული ტოტალიზატორისგან ისიც შეიტყვეს, რომ ამ ამბებიდან სულ ცოტა ხანში სტარიჯის ნათესავები ახალ დიდძალ ფსონს ჩავიდნენ, ამჯერად იმაზე, რომ ლივერპულელი „ვესტ ბრომვიჩში” გადავიდოდა. ამ ეტაპზე არ აზუსტებენ ახალ ნიძლავში იგივე ნათესავი მონაწილეობდა თუ სხვა.
გამოძიებაში ფეხბურთის ასოციაციის გარდა „ლივერპულიც” არის ჩართული.
დენიელ სტარიჯი ირწმუნება, რომ ფეხბურთზე არასდროს დანიძლავებულა.