რა თქმა უნდა, გვეიმედებოდა, რომ ვაჟა მარგველაშვილის გუშინდელ ზღაპრულ გამოსვლას ჰოლანდიური ჰააგას ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი ესტაფეტად აიტაცებდა.
განა ლაშა ცუდად გამოვიდა? გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მშვენიერი შედეგია, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელ ბრძოლაში რაღაც დააკლო – არ არის ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა ლაშას ტოლსწორი ფალავანი.
ბრაზილიელამდე ლაშამ ჯერ ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო, მერე კი გაგერმანელებული ჩეჩენი შამილ ძავბატიროვი დაამარცხა. უკვე რეპეშაჟში გადართულმა ჩვენებურმა რუსი დენის იარცევი დააიპონა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ლაშამ კიდევ ერთი გერმანელის, ენტონი ზინგის ძლევით ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
სამწუხაროდ, ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზებედა რეხვიაშვილი. ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ.) გავლენ.