საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირწმინდად მოგებული მეორე ტაიმის წყალობით სამოა 27:19 (10:19) დაამარცხა და სიხარულის და დისკუსიისთვის იმდენი სივრცე დატოვა, ორი კვირა პრაიმტაიმების მასალა საძიებელი აღარ არის, საპრეზინდენტო არჩევნებს და სხვა ულამაზო მოვლენებს რომ არ ჰქონდეთ რაგინდარა ტელე- და ინტერნეტ-მაუწყებელთა ბადეები გადავსებული.
იტალიასთან წინა კვირის წაგებამ, ალბათ სამართლიანად, ტიპიური ქართული ეიფორიისგან გამოგვიყვანა და ისევ მსოფლიო რაგბის მეორე ეშელონში დაგვაბრუნა. აღნიშნულ დონეზე, ბოლო წლებია, ქართველები თავს ბევრად კომფორტულად გრძნობენ და ამ ერთმა მოგებამ კვლავ გაამყარა აზრი, რომ ხელახლა ასამაღლებლად ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებაა საჭირო.
რა მოხდა პირველ ტაიმში? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება მწვრთნელსაც არ მოეპოვებოდეს, რადგან აზრი, რომ მილტონ ჰეიგმა მეორე ნახევარში მოედანზე უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები შეიყვანა, უსაფუძვლოა. ყველაზე სარწმუნო ვერსიად ფლორენციიდან გამოყოლილი ნევროზი გვეჩვენება, რომელმაც ქართველებს, ნოკდაუნში ჩაგდებული მოკრივის მსგავსად, ფეხები შეურყია და ხელები შეუბორკა. იქნებ სხვა ფაქტორებიც იყო, მაგალითად ნოემბრის ჟღმურტლიანი ამინდი და ბილეთების მაღალი ფასი (ქომაგები ფორუმებზე ამას ჩიოდნენ), რის გამოც ცარიელი ადგილების სიუხვე თუნდაც ავჭალის მოკრძალებულ სარბიელზე თვალში საცემი იყო. ქართული რაგბის მესვეურებს ფიქრი მართებთ, რადგან ახლა ის დრო არ არის, თამაშებს საშინაო სარბიელზე ქომაგთა დაბალი მოტივაციის გამო ვაგებდეთ.
დიდი და დიდებული გარღვევა მეორე ტაიმში, გაგიკვირდებათ და ცოტათი პირველ ტაიმშიც მომწიფდა. უნუგეშოდ გაშვებული ლელოების შე
მდეგაც კი ქართველებს არ ეტყობოდათ ასეთი შემთხვევებისთვის დამახასიათებელი ყურჩამოყრა, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ასწავლიდნენ, მოუწოდებდნენ – შედეგად ვასილ ლობჟანიძემ ერთი ლელოს გაქვითვაც მოახერხა. მეორე ტაიმის პირველ წუთებში, მცირე შეხლისა და სამოელთა და ქართველთა გადაპარსულ თავებზე ხელისგულების აგრესიული ტყაპუნის შემდეგ, ჩვენებმა სპორტული სიავის პიკს უწიეს და ხეირიანი შეცვლების შემდეგ ქულებმაც ქართველთა ყულაბისკენ გზა გაიგნეს. ორი ლელო და პრაგმატულად გატანილი ჯარიმა სამოელთა ბოლო შტურმის ნერვთაწყვეტის გარეშე მოგერიებას ეყო და მოვიგეთ.
მომავალ შაბათს, უკვე “მიხეილ მესხზე” წინ ტონგელები დაგვიდგებიან, რომლებსაც ბოლო წლებში თავიანთ სისხლისმიერ ნათესავებზე უკეთესი ბურთაობა გამოსდით და აკი რაგბის რანგთა ტაბელში სამოასაც უსწრებენ და საქართველოსაც. მეორე პოლინეზიურ ნაკრებთან თამაშში მოედანზე იტალიური კრიზისიდან გამოსული საქართველოს ნაკრები გავა, ხოლო ტრიბუნებზე ქუდზე კაცის ხილვა გვეიმედება!