„ერთა ლიგის” A ლიგის პირველ ჯგუფში ჰოლანდიამ საფრანგეთს 2:0 მოუგო და… გერმანია B ლიგაში გააგდო.

ახლა, ბოლო ტურში, ორშაბათს, გერმანელები ჰოლანდიელებს უმასპინძლებენ.

ეს შეხვედრა გერმანელებისთვის ვეღარაფერს შეცვლის, ჰოლანდიელები კი ფრის შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავლენ და „ერთა ლიგიდანაც” გააგრძელებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას.

შეუქმნის თუ არა ახალი შეჯიბრების A ლიგიდან B ლიგაში გავარდნა გერმანელებს რაიმე პრობლემას? ამ თემაზე „შპორტ ბილდის” ჟურნალისტებმა იფიქრეს, ჩვენ კი მათი ნაფიქრი გადმოვაქართულეთ:

 

რას შეცვლის გავარდნა პირადად იოაჰიმ ლიოვისთვის?

არაფერს! „ბილდისა” და „შპორტ ბილდის” ინფორმაციით ბუნდესნაკრების მწვრთნელი სკამზე მყარად ზის. გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა და ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაწვნევი იმედგაცრუების შემდეგ ლიოვმა რეფორმები დაიწყო. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ბუნდესმწვრთნელის ადგილი 16 ოქტომბერს, საფრანგეთში წაგებულმა 1:2-მა იხსნა. გერმანიის საფეხბურთო ბოსებმა ჩათვალეს, რომ ამ დღეს, წაგების მიუხედავად, მათმა გუნდმა კარგად ითამაშა და ლიოვსაც გაბედული, ახლებური შემადგენლობა ჰყავდა მოედანზე.

გარდა ამისა, ბოსებს მოსწონთ, რომ ლიოვი კომუნიკაბელურია. მაგალითად, ის ხშირად ხვდება ბუნდესლიგის მწვრთნელებს. გერმანიის საფეხბურთო კავშირში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ლიოვი მათ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს.

რა დონის გუნდებთან მოუწევთ გერმანელებს B ლიგაში თამაში?

ამჟამინდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, გერმანელები ითამაშებენ ისეთ მეტოქეებთან, როგორებიც არიან პოლონეთი, ისლანდია, ჩეხეთი, რუსეთი, უელსი, სლოვაკეთი, შვედეთი, ავსტრია, ჩრდილოეთ ირლანდია, ირლანდია და დანია.

თამაშები დაიწყება 2020 წლის შემოდგომაზე. მომავალ წელს, უეფას სანაკრებო პროგრამაში მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ჩვეულებრივი შესარჩევი შეჯიბრებაა შეტანილი.

რას ნიშნავს A ლიგიდან გავარდნა გერმანელი ფანებისთვის?

ახალმა გავარდნამ მსოფლიოს ჩემპიონატის უარყოფითი ემოცია გააძლიერა. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები გერმანელი გულშემატკივრისთვის უინტერესოა და სტადიონებზე მათი დასწრება შემცირდება.  ეს კარგად იციან ქვეყნის საფეხბურთო კავშირში და იმისათვის, რომ სავსე ტრიბუნების ეფექტი შეინარჩუნონ, თამაშებს შედარებით პატარა სარბიელებზე დანიშნავენ. „ბილდის” ინფორმაციით, განიხილება მაგალითად ვოლფსბურგის ვარიანტი. ვოლფსბურგში ბუნდესნაკრების ახალი სპონსორის, „ფოლკსვაგენის” ოფისი მდებარეობს. კიდევ, ლაპარაკია ქალაქებზე ნიურნბერგი, ჰანოვერი და მიონხენგლადბახი. აღსანიშნავია, რომ გერმანია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელია და ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს ჩამოთვლილი ქალაქები მასპინძელთა შორის გათვალისწინებული არ ჰყავს.

რა ზარალს ნახავს გერმანიის საფეხბურთო კავშირი?

„ბილდის” ვარაუდით ზარალი დაახლოებით 3 მილიონ ევროს გაუტოლდება. A ლიგის გუნდებისთვის გათვალისწინებული 1,5 მილიონი ევრო გერმანელებს თავისთავად მოაკლდებათ. ზემოთ ვახსენეთ, რომ უინტერესო მეტოქეების სანახავად სტადიონებზე მაყურებელი არ ივლის და შესაბამისად მოიკლებს ტელემაყურებელიც, რაც ასევე აისახება შემოსავალზე.

როგორ იმოქმედებს B ლიგაში გავარდნა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე?

2 დეკემბერს, დუბლინში დანიშნულ კენჭისყრაზე, 55 ნაკრებს 7 კალათაში გადაანაწილებენ. „ერთა ლიგის” A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული გუნდები (დღეის მდგომარეობით საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია და ესპანეთი) იქნებიან „ერთა ლიგის” კალათაში. ამის შემდეგ წამოვა პირველი კალათა, რომელშიც განთავსებული იქნება ექვსი ქვეყანა.

ამჟამინდელი რეიტინგით გერმანიის ნაკრები A ლიგის 12 გუნდს შორის მეთერთმეტეა(!), რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2 დეკემბრის კენჭისყრაზე მეორე(!) კალათაში მოხვდება.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესნაკრებს ორშაბათს, ჰოლანდიასთან გამარჯვებამ შეიძლება უშველოს და პირველ კალათაში ჩააგდოს.

გერმანელების წისქვილზე წყალს სამშაბათს, პორტუგალიის მიერ პოლონეთის შესაძლო მოგებაც დაასხამს.