როდესაც გარეთ საუთგეიტმა ინგლისისა და აშშ-ს ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის 58-ე წუთზე ჯესი ლინგარდი უეინ რუნით შეცვალა, „უემბლი” ფეხზე წამოდგა. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ეს 33 წლის რუნისთვის 120-ე და ბოლო თამაში გახლდათ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.
თამაშის დაწყების წინ ღვაწლმოსილი კაპიტანი ტრიბუნების წინაშე ოჯახთან ერთად წარსდგა. მას ახლდნენ მეუღლე კოლინი და ოთხივე შვილი: კაი, კლეი, კიტი და უმცროსი კას მაკი, რომელიც მამას ხელში ეჭირა.
უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში პირველი შეხვედრა 2003 წლის თებერვალში ჩაატარა, ავსტრალიის წინააღმდეგ. უკანასკნელი თამაშის მსგავსად, ისიც ამხანაგური იყო. მაშინ ინგლისმა წააგო, 1:3. იმ დღეს ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი 17 წლის, 3 თვის და 19 დღის გახლდათ.
იმავე წელიწადს რუნიმ გაიტანა თავისი პირველი სანაკრებო გოლი მაკედონიის ნაკრების კარში. ეს იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა. რუნიმ ანგარიში გაათანაბრა — 1:1, შემდეგ კი დევიდ ბექემმა გამარჯვების გოლიც შეაგდო.
მას შემდეგ რუნიმ „სამი ლომის” ემბლემიანი მაისურით კიდევ 52 გოლი გაიტანა, წუხელ კი გულშემატკივარს დაემშვიდობა.
უეინ რუნის გამოსათხოვარი შეხვედრა ინგლისის ნაკრებმა აშშ-ს გუნდს 3:0 მოუგო.
გოლები გაიტანეს ლინგარდმა, ალექსანდერ-არნოლდმა და უილსონმა.