საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ფოტო

მიწაზე დავეშვით. თურმე მთლად ბაყბაყდევები არ ვართ ამ ლიგაში. ვინ იცის, ვერმოგება გარკვეულწილად სასარგებლოც იყოს. ისევ იმიტომ, რომ მიწაზე დავეშვით.

ანდორა სუსტია და ერთადერთი, რაც გამოარჩევს, უხეშობაა. თუმცა ასეთ უხეშ ნაკრებსაც უნდა მოუგო, რომელსაც არანაირი საფეხბურთო კლასი და გამომგონებლობა არ გააჩნია. გოლიც გიორგი ლორიას შეცდომის ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე მარტინესის შემოქმედებისა.

მოგვეჩვენა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის სწრაფი გოლის მერე ვლადიმირ ვაისის გუნდი მოეშვა. ჩაკვეტაძეს გუშინ “ბარსელონას“ სკაუტები აკვირდებოდნენ, 19 წლის ბიჭმა კი გაიტანა და ქართველთაგან ყველაზე აქტიურიც იყო. “ყველაზე” კი არა, ერთადერთი აქტიური, რადგან სხვა შემტევები თითქმის არ ჩანდნენ მოედანზე. ყველაფერი ჩაკვეტაძეს უნდა გაეკეთებინა და მართლა მარადონა კი არაა…

კიდევ ერთი კრეატიული შემტევი, რომელსაც ჩაკეტილი გუნდის გარღვევა შეუძლია, მხოლოდ 88-ე წუთზე შეიყვანა ვაისმა. ლუკა ზარანდიამ იმ რამდენიმე წუთში უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე სხვებმა მთელი მატჩის განმავლობაში. ახალი ამბავი არაა, რომ ვაისს შეცვლების გაკეთება არ უყვარს. 75-ე წუთამდე, კაცს გულიც რომ წაუვიდეს, მაინც არავის ცვლის.

ოთხი მატჩი მოიგო ეროვნულმა გუნდმა, ასე რომ, ერთი ფრის გამო ტრაგედიას არ ვქმნით. უბრალოდ, ვიმედოვნებთ, რომ ერთა ლიგაში ეს საქართველოს ყველაზე ცუდ თამაშად დარჩება.

ანდორა – საქართველო 1:1

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 78), გვილია (ზარანდია 88), ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, არაბული (კაჭარავა 78)

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9) 1:1 კრისტიან მარტინესი (63)