21 ნოემბერს კატალონიური სუპერკლუბის ფანები მორიგ საჩუქარს მიიღებენ. თანამშრომლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით NIKE-მ „ბარსელონას“ საიუბილეო ფორმა გამოუშვა, რომელიც ამ 20 წლის მანძილზე „ბარსას“ ყველა საშინაო ფორმის ერთგვარი მიქსია.
„გვსურდა, ჰარმონიულად შეგვერწყა ეს 20-წლიანი ისტორია და ფორმა უბრალოდ სხვადასხვა მაისურების ნაკუწებისგან შეკერილს არ დამსგავსებოდა“, – განაცხადა ამერიკული კომპანიის წარმომადგენელმა.
საყელოზე მაისურს ჩამატებული აქვს არაგონის გერბის დეტალი – წითელი ზოლები ოქროსფერ ფონზე, რაც ოთხი ესპანური ავტონომიის: არაგონის, ბალეარის კუნძულების, ვალენსიისა და კატალონიის სიმბოლოა.
მოგეხსენებათ, 2006 წლამდე „ბარსელონა“ მაისურებზე მხოლოდ ტექნიკური სპონსორის ლოგოს ატარებდა და სატიტულო სპონსორებს არ იკარებდა. მხოლოდ შემდეგ გამოჩნდნენ ჯერ „იუნისეფი“ და შემდეგ „ყატარ ფაუნდეშენი“. ამჟამად „ბარსას“ სატიტულო სპონსორი იაპონური ენერგეტიკული გიგანტი „რაკუტენი“ გახლავთ.
რაც შეეხება NIKE-ს, იუბილეზე მხოლოდ მაისურით ხომ არ მივიდოდა და ახალი კონტრაქტიც გააშანშალა: თუ აქამდე კლუბი ტექნიკური სპონსორისგან წლიურ 58 მილიონ დოლარს იღებდა, ამიერიდან 155 მილიონს მიიღებს. ეს ამ ტიპის კონტრაქტებს შორის ყველაზე მაღალი ციფრია და მნიშვნელოვნად აჭარბებს „მანჩესტერისას“, რომელსაც „ადიდასი“ 10 წელიწადში 835 მილიონს დაპირდა. რაც შეეხებათ „ბარსელონას“ ქომაგებს, საიბილეო მაისურების შეძენა სწორედ 21 ნოემბრიდან შეეძლებათ. ამბობენ, მაისურის ფასი 140 ევროს მიდამოებში იქნებაო.
 ერთი ნიუანსიც გათვალისწინებელია: ჯერ უცნობია, მოირგებს თუ არა გუნდი საიუბილეო ფორმას თუნდაც ერთ შეხვედრაში.
წილი
წინა სტატიამიწაზე დავეშვით
შემდეგი სტატიაგერმანია გავარდა! რა დაუშავდა ამით?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".