„დიარიო სპორტი” 20 წლის კატალონიელი ფეხბურთელის დანი ოლმოს ბედით დაინტერესდა. დანი ოლმო, რომლის სრული სახელია დანიელ ოლმო კარვახალი, 2014 წელს ყველას გასაკვირად ზაგრების „დინამოში” გადავიდა და დღეს მისი გადაბირება ევროპის გრანდებს სურთ.
გაზეთი წერს, რომ აქამდე ხსენებული გრანდები ნაკლებად აქტიურობდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ზაფხულამდე გარემარბის ხელში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ახლა კი ისინი გააქტიურდნენ და ვინ იცის იმედოვნებენ, რომ ოლმოს იანვარშივე იყიდიან, თუმცა ეს კვლავ ნაკლებად სავარაუდოა.
ოლმოს ბედით, რასაკვირველია, სისხლხორცეულად არის დაინტერესებული „ბარსელონაც”. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყმაწვილი ეროვნებით კატალონიელია, პატარა ქალაქ ტერასაშია დაბადებული და არის ეჭვი, რომ თვითონაც ყველაზე დიდი სიამოვნებით სწორედ „ბლაუგრანაში” გადაბარგდებოდა.
კლუბები, რომლებიც თავიდანვე ჩანდნენ ყმაწვილის ორბიტაზე არიან: „მანჩესტერ იუნაიტედი”, „მარსელი” და „დორტმუნდი”. გუშინ, მათ „ბაიერნი” და „რეალი” შეუერთდნენ.
ჩამოთვლილი კლუბების ამოცანა ნათელია: არ გადაიხადონ 25 მილიონი ევრო, რომელსაც ფეხბურთელში ხორვატული კლუბი ითხოვს და დაუმტკიცონ თავად დანი ოლმოს, რომ მათი შეთავაზება „ბარსელონასას” ჯობია როგორც მატერიალური ასევე სპორტული თვალსაზრისით.
„ბარსამ” ფეხბურთელის აგენტთან, მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილ ფეხბურთელ ხუანმა ლოპესთან რამდენიმე მოლაპარაკება უკვე გამართა. ბოლო მოლაპარაკება სამშაბათს შედგა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა მკაფიოდ აუხსნეს ფეხბურთელის მხარეს, რომ ისინი მისი გადაბირებით ნამდვილად არიან დაინტერესებულები, სწამთ, რომ ოლმო როგორც მოთამაშე კიდევ გაიზრდება და მას უახლოეს თვეებში დამატებით დააკვირდებიან.