„ჩელსის” ორწლიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი: უცხოელი ბავშვების გადაბირება.

ასეთი მკაცრი სასჯელი დასავლეთ ლონდონელებს 18 თვის წინ გაყიდული ფეხბურთელის გამო ელით. „ფუტბოლ ლიკსის” ცნობით ფიფას შესაბამისი სამსახურები „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ 19 ყმაწვილის უკანონოდ მიყვანის საქმეს იძიებენ. ძიება ჯარ არ დამთავრებულა.

საბუთები, რომელთა თანახმად „ლურჯებს” ზემოთ ნახსენები ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელით, ამ ბოლო დროს გააქტიურებულმა „ფუტბოლ ლიკსმა” გამოამზეურა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების უკანონოდ ყიდვის გამო სასჯელი უკვე მოიხადეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიც არიან „რეალი”, „ბარსელონა” და მადრიდის „ატლეტიკო”. მათგან მაქსიმალური დისკვალიფიკაცია ერთწლიანი იყო, „ჩელსის” შემთხვევაში კი ოთხ(!) სატრანსფერო ფანჯარაზეა ლაპარაკი.

გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, 14 ბავშვის გადაბირებისთვის „ლურჯებს” ფულადი ჯარიმა 380 000 გირვანქაც ემუქრებათ.

მთავარი საქმე კი „ჩელსის” მიერ 2017 წლის ივლისში „ლიონისთვის” ბურკინა ფასოელი ბერტრანდ ტრაორეს მიყიდვაა. სატრანსფერო თანხა 8,8 მილიონი გირვანქა ანუ 10,09 მილიონი ევრო იყო.

გამომძიებლებს დაუდგენიათ, რომ დასავლეთ ლონდონელებს ტრაორე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს, 16 წლისა უყიდიათ, თუმცა კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ის მათ საბუთებში სადმე ფიგურირებდა. საბოლოოდ, „ჩელსი” იძულებული გამხდარა ეღიარებინა, რომ ტრაორეს დედას 154 000 გირვანქა გადაუხადა, რათა მისი ვაჟი ბურკინა ფასოს პრემიერლიგის გუნდიდან AJEB-დან ინგლისში წაეყვანა. AJEB-ს ხსენებული თანხიდან 13 ათასი ხვდა. ეს ამბავი 2011 წლის აპრილში მოხდა.

ცნობისთვის: 18 წელზე უმცროსი ფეხბურთელის საზღვარგარეთ წაყვანა ფიფას კანონებს ეწინააღმდეგება.