ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში” ცუდ ფორმაშია, რაც მის სანაკრებო ყოფაზეც აისახა. შეგახსენებთ, რომ სანჩესი „იუნაიტედში” „არსენალიდან” გადავიდა. იანვარში ის ჰენრიკ მხითარიანში გაცვალეს. მას მერე ჩილელი „ოლდ ტრეფორდზე” წვალობს და სახეირო არაფერი გამოსდის. თუ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არაფერი შეიცვლება, მას „წითელი ეშმაკებიდან” წასვლა მოუწევს. არადა, მდგომარეობა რთულია. სანჩესმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი გოლი გაიტანა. ის ვერა და ვერ ხვდება ჟოზე მოურინიუს ძირითად შემადგენლობაში.

ჩილეში გამომავალი გაზეთი La Tercera წერს, რომ ალექსის სანჩესს ბოლო დღეებში, სანტიაგოში, პინტო დურანის საწვრთნელ ბაზაზე, ნაკრების ვარჯიშებზე თანაგუნდელებისგან ცალკე ეჭირა თავი. არადა, ზოგადად ფორვარდი გუნდის ერთ-ერთ მოტივატორად და ლიდერად ითვლება. სწორედ ამიტომ იყო მისი პასიურობა გასაკვირი.

ერთ-ერთი ვარჯიშის ბოლოს, სანჩესი მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ჩუმად მჯდარა სკამზე, მაშინ როდესაც მისი თანაგუნდელები ფეხის ჩოგბურთით იქცევდნენ თავს.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, ვინც ფორვარდთან მივიდა და გამოელეპარაკა მისი უახლოესი მეგობარი ხუნიორ ფერნანდესი გახლდათ.

ალექსის სანჩესმა ნაკრებში ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, ეკვადორის ნაკრების კარში გაიტანა.

ჩილელს „მანჩესტერ იუნაიტედში” ყველაზე დიდი ხელფასი აქვს — კვირაში 391 000 გირვანქა.

17 ნოემბერს ჩილე კოსტა როკას, ხოლო 21-ში ჰონდურას ეთამაშება. ეს ამხანაგური თამაშებია.