დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ანდორასთან სტუმრად აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. რადგან, ერთა D ლიგაში საუკეთესოობა სურს და ეს მხოლოდ პრესტიჟის ამბავი არ არის. მაქსიმალური ქულები შესაძლებლობას მოგვცემს, ტურნირის ნახევარფინალი შინ ვითამაშოთ. ეს კი, დიდი შეღავათია.

თანაც რეიტინგშიც წავიწევთ წინ, რაც სამომავლოდ უფრო მაღალ კალათში მოგვახვედრებს.

ქართველები უკვე მესამე დღეა ანდორაში არიან და ერთა D ლიგის, პირველი ჯგუფის, მეხუთე ტურის მატჩისთვის გამალებით ემზადებიან.

ჩვენებურთა სლოვაკმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, პრესკონფერენციაზე თქვა: მოსაგებად ჩამოვედით, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, რათა მომავალი ევროსაკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე, სასურველი რეიტინგი გვქონდესო.

მატჩი, ანდორა ლა ველას მთავარ სტადიონზე, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და  პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთვაზებს.

ჯუჯა სახელმწიფო  ზოგადი ტერმინია. საერთოდ, ასეთებად, ისეთ ქვეყნებს (თუ კუნძულებს) მოიხსენიებენ, რომელთა მოსახლეობა 500 ათას ადამიანზე ნაკლებია.

ანდორაც ჯუჯაა, მაგრამ „ჯვაროსნებს“ დიდი ყურადღება მართებთ. გავიხსენოთ მათთან თბილისური შეხვედრა, სადაც კერკეტი და უხამსი (ძალიან უხეშობდნენ) მოწინააღმდეგე, ჩვენებმა ბოლოსკენღა გატეხეს.

საქართველოს ნაკრებს, ისტორიაში ექვსი ასეთი ჯუჯა მეტოქე ჰყოლია. ხუთი ევროპული და ერთიც კარიბული. ცხადია, ურთიერთშეხვედრების ბალანსი ჩვენს მხარესაა – 16 მატჩში, 13 მოგება, 2 ფრე და ერთი წაგება.

ჯუჯებთან ჭიდილში კი, ყველაზე ტკბილად  1994 წლის, ცხელი ზაფხულის თბილისური ტესტ-მატჩი გვახსენდება მალტის ეროვნულ გუნდთან.

მაშინ რთული დროება გვედგა. ომიანობა ახალი გადავლილი იყო. წინ ევრო 96-ის შესარჩევი ციკლი გველოდა – პირველი ოფიციალური ტურნირი „ჯვაროსნების“ ისტორიაში. უეფამ ჩვენს ფედერაციას შემოუთვალა, გამოსაცდელ მატჩს გათამაშებთ, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შინ თამაშის ნებას დაგრთავთ, თუ არა და, ნეიტრალურ მოედანზე მოგიწევთ ბურთაობაო.

წარმოიდგეინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდით. შესარჩევ ჯგუფში ექს-მსოფლიო ჩემპიონი გერმანია და სტოიჩკოვ-ლეჩკოვების ბულგარეთი გვყავდა. გაყინულ, უშუქო ქვეყანაში მათი ჩამოსვლა ზღაპარს უფრო ჰგავდა. მაგრამ იმედი მაინც გვქონდა.

მალტელები თამაშის წინა დღეს ჩამოფრინდნენ თბილისში და საღამოს დიღომში, „დინამოს“ ბაზაზე მსუბუქად გააგორეს ბურთი. რამდენიმე ჟურნალისტი ვესწრებოდით ვარჯიშს. ჯანმაგარნი და მოწესრიგებულები ჩანდნენ. მათი საეჭვო კვალიფიკაციის ამბავი კარგად მოგვეხსენებოდა, მაგრამ მაინც შევშფოთდით. ასეთ „დავარცხნილებს“ როგორ უნდა ვეთამაშოთო.

ეს, ის დროა, როცა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები შინაური პიჟამოებით ცხადდებოდნენ ხოლმე შეკრებაზე და ოფიციალურად ფორმის ერთი სათამაშო კომპლექტი ჰქონდათ, რომელსაც მატჩის შემდეგ თვლით აბარებდნენ ფედერაციის საწყობს. ისეც მომხდარა, მაისურა დახეულა და თამაშის დროს ფეხბურთელს სხვადახსვა ნომრიანი მაისურა და ტრუსი სცმია.

თამაში ფრედ დამთავრდა, მაგრამ მინდორზეც და ტრიბუნებზეც რაღაც უჩვეულო დაძაბულობა სუფევდა. სტადიონის დიქტორმა რამდენჯერმე მოუწოდა მაყურებელს თავშეკავებისკენ.

თამაშის მერე, რედაქციისკენ  კმაყოფილი მივეშურებოდი. რახან ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა, ვიცოდი, რომ უშუქო თბილისში გერმანიაც ჩამოვიდოდა, ბულგარეთიც და უელსიც. ეს მარტო ფეხბურთის ზეიმი არ იქნებოდა. სასოწარკვეთილ ადამიანებს ცივილიზებულ სამყაროსთან შეხების შესაძლებლობა ეძლეოდათ.

მეორე დილით, მაშინ იამანიძის ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის  ფედერაციაში შევიარე. ყველა გაფაციცებით ელოდა უეფადან წერილს. ოფიციალური უსტარი, ალბათ, რამდენიმე დღეში მოვიდოდა, მაგრამ მთავარი პირველწყაროს ინფორმაცია იყო. აი, მონჯღრეულმა ფაქს-მანქანამაც დაიწრიპინა და იქიდან სანუგეშო ქაღალდი ამოძვრა – უეფა თბილისში სანაკრებო ევრომატჩების ჩატარების უფლებას გვრთავდა.

ჯუჯა ეძახეთ და, მალტასთან ეს შეხვედრა, ახალფეხადგმული, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

ჯუჯებთან თამაშს თავისებური ხიბლიც აქვს. მაგალითად, სწორედ ფარერებთან შესარჩევ მატჩში დაფიქსირდა დღემდე ერთადერთი სანაკრებო ჰეთ თრიქი. მისი ავტორი შოთა არველაძე გახლავთ. ვახოთ, რა მოხდება ანდორასთან, რიგით მე-17 საჯუჯო მატჩში.

აქვე გადავხედოთ საქართველოს ნაკრების ჯუჯებთან პაექრობის ისტორიას.

1994 წლის 10 თებერვალი. ვალეტა. მალტის (როტმანსის) საერთაშორისო ტურნირი. მალტა 0:1 საქართველო

(გოლი: ქეცბაია, პენალტით)

1994 წლის 19 ივლისი. თბილისი. ტესტ-მატჩი. საქართველო 1:1 მალტა 

(შოთა არველაძე, პენალტით)

1998 წლის 10 თებერვალი. მალტის (როტმანსის)  საერთაშორისო ტურნირი. მალტა 1:3 საქართველო

(ყაველაშვილი – 2, ჯამარაული)

2006 წლის 1 მარტი. მალტის საერთაშორისო (კოკა კოლას და მალტიპლასის თასი) ტურნირი. მალტა 0:2 საქართველო

(ოთარ მარცვალაძე, ჯაბა კანკავა)

2006 წლის 16 აგვისტო. ევრო 2008 შესარჩევი მატჩი. ტოფტირი.  ფარერები 0:6 საქართველო

(შოთა არველაძე – 3, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი)

2007 წლის 28 მარტი. ევრო 2008 შესარჩევი. თბილისი. საქართველო 3:1 ფარერები

(ალექსანდრე იაშვილი – 2, დავით სირაძე)

2009 წლის 12 აგვისტო, ვალეტა. ამხანაგური მატჩი. მალტა 2:0 საქართველო

2010 წლის  8 ოქტომბერი. თბილისი.  ევრო 2012 შესარჩევი. საქართველო 1:0 მალტა

(დავით სირაძე)

2011 წლის 6 სექტემბერი. ვალეტა.  ევრო 2012 შესარჩევი. მალტა 1:1 საქართველო

(ჯაბა კანკავა)

2014 წლის 5 მარტი. თბილისი. ამხანაგური. საქართველო 2:0 ლიხტენშტაინი

(გიორგი ჭანტურია, ჯანო ანანიძე, პენალტით)

2014 წლის 14 ოქტომბერი. ფარუ. ევრო 2016 შესარჩევი. გიბრალტარი 0:3 საქართველო

(ნიკა გელაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა)

2015 წლის 25 მარტი. თბილისი. ამხანაგური. საქართველო 2:0 მალტა

(ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი)

2015 წლის 8 ოქტომბერი. თბილისი. ევრო 2016 შესარჩევი. საქართველო 4:0 გიბრალტარი

(მათე ვაწაძე -2, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი)

2017 წლის 7 ივნისი. თბილისი. ამხანაგური. საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი

(გიორგი არაბიძე -2, ლადო დვალიშვილი)

2018 წლის 1 ივნისი. სილბესტადი (ავსტრია). ამხანაგური. მალტა 0:1 საქართველო

(გურამ კაშია, პენალტით)

2018 წლის 13 ოქტომბერი. თბილისი. ერთა ლიგა. საქართველო 3:0 ანდორა

(ვაკო ყაზაიშვილი – 2, ჯაბა კანკავა)

2018 წლის 15 ნოემბერი. ანდორა ლა ველა. ერთა ლიგა. ანდორა – საქართველო ?

წილი
წინა სტატიასანჩესი არავის ელაპარაკება
შემდეგი სტატიალებრონ დიდი!
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.